1-ლი სექტემბრიდან აეროპორტში რეგისტრაციის გასავლელად მისვლისას მგზავრობის მსურველს ქართულ და ინგლისურ ენაზე დახვდება განცხადება: "თუ თქვენ უარი გეთქვათ ჩასხდომაზე, თქვენი რეისი გაუქმდა ან გადაიდო ორი საათით ან უფრო მეტი დროით, მოითხოვეთ რეგისტრაციის დახლთან ან ჩასხდომის პუნქტთან ინფორმაცია თქვენი უფლებების შესახებ, რომელიც ეხება დახმარების აღმოჩენას და კომპენსაციის გაცემას".
"გაერთიანებული აეროპორტების" ინფორმაციით, ეს იმის გამო გაკეთდა, რომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ახალი რეგულაცია მიიღო - "საჰერო ხომალდში ჩასხდომაზე უარის თქმის, რეისის გაუქმების ან ხანგრძლივი დაგვიანების შემთხვევაში მგზავრებისთვის კომპენსაციის გაცემისა და დახმარების აღმოჩენის წესი". რაც იმას ნიშნავს, თუკი ავიაკომპანიის მიზეზით რეისი გაუქმდება ან ხანგრძლივი დროით გადაიდება, მგზავრს შესაძლებლობა ექნება, დაიცვას საკუთარი უფლებები, მოითხოვოს ავიაკომპანიისგან დახმარება და კომპენსაცია.
კანონი სრულყოფილია და სამართლიანად არეგულირებს როგორც მგზავრის, ასევე ავიაკომპანიის უფლებებს. ავიაკომპანია ვალდებულია, კომპენსაცია მისცეს მგზავრს და დაეხმაროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩასხდომაზე უარის თქმა, რეისის გაუქმება ან ხანგრძლივი დაგვიანება გამოწვეულია ავიაკომპანიის მიზეზით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მაგალითად, მგზავრს უარი ეთქვა ჩასხდომაზე მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობის, ფრენის უსაფრთხოების, საავიაციო უშიშროების ან არასათანადო დოკუმენტების წარმოდგენის გამო, ან ფრენა გადაიდო პოლიტიკური არასტაბილურობის, ამინდის, გაფიცვის, საავიაციო უშიშროების ან მსგავსი ფაქტორის გამო, ავიაკომპანია არ არის ვალდებული მგზავრს დახმარება გაუწიოს. და შესაბამისად, ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც ავიაკომპანიის მიზეზით ხდება ფრენის გადადება, გაუქმება და ჩასხდომაზე უარის თქმა, იქნება ეს თვითმფრინავის გაუმართაობის გამო თუ სხვა, ავიაგადამზიდი ვალდებული ხდება, რომ მგზავრებს კომპენსაცია მისცეს და დახმარება აღმოუჩინოს.
დახმარება შემდეგი სახისაა: კვება და გამაგრილებელი სასმელები; საცხოვრებელი (სასტუმრო ან სხვა საცხოვრებელი ადგილი), იმ შემთხვევაში, თუ მგზავრმა უნდა გაატაროს მოლოდინში ერთი ან მეტი ღამე; მგზავრობა აეროპორტიდან საცხოვრებელ ადგილამდე; ორი სატელეფონო ზარით, ფაქსით, ტელეფაქსით ან ელექტრონული ფოსტით სარგებლობა.
განსაკუთრებული ყურადღება ექცევა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, მათი გამცილებლების და ბავშვების მოთხოვნებს, რომლებიც მგზავრობენ გამცილებლის გარეშე.
რეგულაციაში გათვალისწინებულია არა მხოლოდ კომპენსაცია და დახმარება, არამედ მგზავრთა ინფორმირებაც.