აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარე ომში არავინ იმარჯვებს და ყოველდღიურად ადამიანები იღუპებიან, ნადგურდება ინფრასტრუქტურა. მისი თქმით, დონალდ ტრამპი ცდილობს, ომის დასრულებისთვის დიპლომატიური შესაძლებლობები გამოიყენოს.
„პრეზიდენტმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ომის დასრულება სურს. მას სურს, დასრულდეს ომი უკრაინასა და რუსეთს შორის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც კონფლიქტის მოგვარებაში დაგვეხმარება. ამ ომში არავინ იმარჯვებს. ადამიანები ყოველდღე იღუპებიან, ყოველდღე რაღაც ფეთქდება და ნადგურდება“, - განაცხადა რუბიომ უზბეკეთში, ჟურნალისტებთან საუბრისას.
რუბიომ ასევე განმარტა, რომ ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებისა და ტარიფების ამოქმედება 60 დღით გადადო, რათა შეაფასოს მათი შესაძლო გავლენა როგორც აშშ-ის, ისე მსოფლიო ეკონომიკაზე და გაარკვიოს, რა ნაბიჯები შეუწყობს ხელს მიმდინარე მოლაპარაკებების წარმატებას.
„პრეზიდენტს სურს, ეს 60-დღიანი პერიოდი გამოიყენოს იმის გასაანალიზებლად, რას ნიშნავს სანქციებისა და ტარიფების დაწესება გლობალური და, მათ შორის, ამერიკის ეკონომიკისთვის“, - თქვა რუბიომ.
ტრამპმა რუსეთის ექსპორტთან დაკავშირებული სანქციებისა და ტარიფების ამოქმედება შესაბამისი აღმასრულებელი განკარგულებით შეაჩერა. ეს ზომები რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლის გასაძლიერებლად იყო გათვალისწინებული. გადაწყვეტილება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ სანქციების შემსუბუქებამ შესაძლოა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, ომის გაგრძელებისკენ უბიძგოს.
რუბიომ ასევე დაიცვა რუსეთთან მიღწეული შეთანხმება დიზელის საწვავის მიწოდების გაზრდის შესახებ. აშშ-ის ადმინისტრაციის განმარტებით, შეთანხმების მიზანი საწვავის ფასების შემცირება და მოსკოვის მოლაპარაკებების მაგიდასთან შენარჩუნებაა.