შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ადიგენის სამედიცინო ცენტრ "უნიმედ სამცხე"-ს ესტუმრა და კლინიკის თანამშრომლებს ჯანდაცვის სექტორში არსებულ რეფორმებზე ესაუბრა. მინისტრის განცხადებით, ჯანდაცვის სექტორი ორ კვირაში დაზღვეულთა კვალიფიციური მომსახურებისთვის მზად უნდა იყოს.
"სამინისტრო მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. ყველა სამედიცინო დაწესებულებაში გვეყოლება ჩვენი წარმომადგენელი, რომელიც დაზღვეულთა მომსახურების კოორდინაციას და არსებული რიგების მართვას უზრუნველყოფს." - განაცხადა მინისტრმა.
სადაზღვევო კომპანია ,,ალდაგი ბისიაი"-ს კუთვნილი მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი 21 საწოლიანია და ულტრათანამედროვე აპარატურით არის აღჭურვილი. პაციენტებს სასწრაფო სამედიცინო, გადაუდებელი, ქირურგიული, თერაპიული, პედიატრიული, მეან-გინეკოლოგიური, რეანიმაციული, კარდიოლოგიური, დიაგნოსტიკური და სხვა სერვისების მიღება შეუძლიათ. სამედიცინო ცენტრში 101 ადამიანია დასაქმებული. საავადმყოფოს ასაშენებლად სადაზღვევო კომპანიამ 3 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. კლინიკამ ფუნქციონირება 2011 წლის 17 დეკემბერს დაიწყო. გახსნის შემდეგ, ოზურგეთის ახალ სამედიცინო ცენტრში 35 000-მდე პაციენტი მიიღეს.
2012 წლის 1 სექტემბრიდან სახელმწიფო დაზღვევით, დაახლოებით მილიონი ადამიანი ისარგებლებს, მათი რაოდენობა მთლიანობაში - 2.4 მილიონს მიაღწევს. აქედან გამომდინარე, ჯანდაცვის სამინისტროს ამოცანაა, ნებისმიერი სტაციონარი და ამბულატორია მზად იყოს მაქსიმალური დატვირთვით ფუნქციონირებისათვის, რათა მოსახლეობამ მაღალი დონის სამედიცინო სერვისების მიღება შეუფერხებლად შეძლოს.