დღეს, 1-ელ თებერვალს, სამოქალაქო რეესტრი საარჩევნო ასაკის მქონე მოქალაქეთა სიას ცენტარულ საარჩევნო კომისიას დღეს გადაუგზავნის. ამომრჩეველთა სიების გადამოწმება 5 თებერვლიდან დაიწყება. ამ საკითხთან დაკავშირებით, დღეს, 15.00 საათზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ცესკოში განუცხადეს, სპეციალურად შექმნილი მონიტორინგის ჯგუფები საარჩევნო სიების გადამოწმებას, ამჟერადაც, "კარდაკარ" შემოვლის პრინციპის საფუძველზე განახორციელებენ. ამომრჩეველთა სიების მონიტორინგის პროცესი 15 მარტამდე გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ ამომრჩეველთა სიების მონიტორინგის პროცესში ჩართვის მსურველი პარტიების მიერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შესაბამისი განაცხადების წარდგენის ვადა 31 იანვარს 18" საათზე ამოიწურა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ცესკოში განუცხადეს, საარჩევნო კომისიას შესაბამისი განცხადებით სულ 21-მა პარტიამ მიმართა, აქედან 12 კვალიფიციური სუბიექტია (პარტიები, რომლებიც სახელმწიფოს მიერ ფინანსდებიან).
"იმ პარტიებს, რომლებიც დაფინანსებას სახელმწიფოს მიერ არ იღებენ, შეუძლიათ საარჩევნო სიების მონიტორინგში ჩართვის უფლება მოიპოვონ, თუმცა ამისთვის კვალიფიციური სუბიექტების თანხმობაა საჭირო", - განუცხადეს "ჯი-ეიჩ-ენს" ცესკოში.
აღსანიშნავია, რომ კვალიფიციური პოლიტიკური სუბიექტებიდან ამ დროისთვის ცესკოსთვის მხოლოდ "ლეიბორისტულ პარტიასა" და "ეროვნულ ფორუმს" არ მიუმართავთ. რაც შეეხებათ სხვა პარტიებს, ამომრჩეველთა სიების გადამოწმების პროცესში მონაწილეობის მიღების სურვილი გამოთქვეს
"სრულიად საქართველოს საერო დარბაზმა", "მამულმა", "სრულაიდ საქართველოს რადიკალ-დემოკრატთა ნაციონალურმა პარტიამ", "გაერთიანებული საქართველოს დემოკრატიულმა პარტიამ", "ჩვენმა ქვეყანამ", "ინტელექტუალთა ლიგამ" და "ხალხთა მეგობრობის პარტიამ".