"დემოკრატიული მოძრაობა" აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 20 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ 1992 წლის 14 აგვისტო ქვეყნის ისტორიაში დარჩება სამუდამო ტკივილად.
"საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთს შესისხორცებული ტრადიციები და ურთიერთთანაცხოვრების უდიდესი გამოცდილება ომის საშინელმა ტრაგედიამ რადიკალურად შეცვალა. ძმათამკვლელი ომის შედეგად დაიღუპა ათასობით და ასევე, საკუთარ ქვეყანაშივე დევნილად იქცა ასეულათასობით ადამიანი"- ნათქვამია განცხადებაში.
„დემოკრატიული მოძრაობა" პატივს მიაგებს ომში დაღუპულ ქართველ და აფხაზ ვაჟკაცთა და ყველა იმ მშვიდობიანი თანამოქალაქის ხსოვნას, რომლებიც სიცოცხლის ფასად იცავდნენ და შეეწირნენ საკუთარ სამშობლოს და იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში ისევ დავიბრუნებთ ქართველები და აფხაზები, ქართველები და ოსები ერთმანეთისადმი ნდობას, აღდგება და გაძლიერდება ურთიერთობა და დავიბრუნებთ ერთმანეთს.
"სააკაშვილმა და ნაცმოძრაობამ დიდი ხანია ამოწურა საკუთარი რესურსი, აბსოლუტურად არაფერი კეთდება მათი მხრიდან კომფლიქტების დარეგულირებისთვის და ერთმანეთთან მისასვლელი გზების მოსაძებნად, უფრო მეტიც, 2008 წელს დღევანდელმა ხელისუფლებამ საკუთარი გაუაზრებელი მოქმედებებით კიდევ უფრო გააღრმავა აფხაზებსა და ქართველებს, ოსებსა და ქართველებს შორის ჩატეხილი ხიდი. ვერავინ აღუდგება წინ იმ ტრადიციებს, რომლებიც ჩვენ ერთმანეთთან გვაკავშირებს და რაც ყველაზე მთავარია, ვერავინ ვერ შეძლებს ქართველების, აფხაზებისა და ოსების საბოლოო გათიშვას.
„დემოკრატიული მოძრაობა" ყველაფერს აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს იმისთვის,რომ გამოიძებნოს აფხაზ და ოს თანამემაულეებთან დიალოგის გზები, რაც ჩვენი ქვეყნის გაერთიანების უპირველესი გარანტია იქნება"- ნათქვამია განცხადებაში.