საქართველოს პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების მიზეზების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე კონსტანტინე გამსახურდია მოსკოვიდან დაბრუნდა.
როგორც გამსახურდია აცხადებს, მან რუსეთის დედაქალაქში ვიზიტის ფარგლებში ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით თენგიზ კიტოვანის გარდა იგორ გიორგაძეც დაკითხა.
გამსახურდიას მტკიცებით, კა-კე-ბეს ყოფილმა გენერალმა საქართველოს პირველი პრეზიდენტის თვითმკვლელობის ვერსია კატეგორიულად გამორიცხა და მისი ლიკვიდაციის დამკვეთის ვინაობაც კი დაასახელა.
"იგორ გიორგაძის განცხადებით, ყველაზე მეტად ზვიად გამსახურდიას ლიკვიდაცია ედუარდ შევარნაძეს აინტერესებდა, ვინაიდან ცოცხლაი ზვიად გამსახურდიას ფაქტორი ხელს უშლიდა მას საერთაშორისო ლეგიტიმაციაში", - აცხადებს გამსახურდია.
შეგახსენებთ, რომ კონსტანტინე გამსახურდია აღნიშნული მიზნით მოსკოვში მიმდინარე კვირის დასაწყისში გაემგზავრა.