ამომრჩეველთა სიების მონიტორინგის პროცესში ჩართვის მსურველი პარტიების მიერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შესაბამისი განაცხადების წარდგენის ვადა დღეს, 18:00 საათზე იწურება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ცესკოში განუცხადეს, ამ დროისთვის საარჩევნო კომისიას შესაბამისი განცხადებით სულ 21-მა პარტიამ მიმართა, აქედან 12 კვალიფიციური სუბიექტია (პარტიები, რომლებიც სახელმწიფოს მიერ ფინანსდებიან).
"იმ პარტიებს, რომლებიც დაფინანსებას სახელმწიფოს მიერ არ იღებენ, შეუძლიათ საარჩევნო სიების მონიტორინგში ჩართვის უფლება მოიპოვონ, თუმცა ამისთვის კვალიფიციური სუბიექტების თანხმობაა საჭირო", - განუცხადეს "ჯი-ეიჩ-ენს" ცესკოში.
აღსანიშნავია, რომ კვალიფიციური პოლიტიკური სუბიექტებიდან ამ დროისთვის ცესკოსთვის მხოლოდ "ლეიბორისტულ პარტიასა" და "ეროვნულ ფორუმს" არ მიუმართავთ. რაც შეეხებათ სხვა პარტიებს, ამომრჩეველთა სიების გადამოწმების პროცესში მონაწილეობის მიღების სურვილი გამოთქვეს "სრულიად საქართველოს საერო დარბაზმა", "მამულმა", "სრულაიდ საქართველოს რადიკალ-დემოკრატთა ნაციონალურმა პარტიამ", "გაერთიანებული საქართველოს დემოკრატიულმა პარტიამ", "ჩვენმა ქვეყანამ", "ინტელექტუალთა ლიგამ" და "ხალხთა მეგობრობის პარტიამ".