საქართველოსა და ისრაელს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმება შესაძლოა წლის ბოლომდე მოხერხდეს. ორ ქვეყანას შორის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე, რამდენიმე დღის წინ, საქართველოში ვიზიტად მყოფმა ისრაელის ტრანსპორტის მინისტრმა განაცხადა.
ისრაელის სახელმწიფოს ტრანსპორტის, ეროვნული ინფრასტრუქტურისა და საგზაო უსაფრთხოების მინისტრმა ისრაელ კატსამ ქვეყნის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ვერა ქობალიასთან შეხვედრისას საქართველოსა და ისრაელს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმების აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ეს განპირობებულია არა მხოლოდ ორი ქვეყნის ისტორიული მეგობრობით, არამედ თანამედროვე გამოწვევებითაც.
"სავიზო რეჟიმის გაუქმებამ უნდა გაზარდოს მგზავრთა გადაადგილება საქართველოსა და ისრაელს შორის, რომელიც დადებითად აისახება ორი ქვეყნის ეკონომიკურ ურთიერთობებზე", - განაცხადა ისრაელ კატსმა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და ისრაელს შორის უვიზო რეჟიმის შესახებ ხელშეკრულება 2012 წელს გაფორმდეს.
"ჩვენ დღეს ისრაელთან ხელი მოვაწერეთ დოკუმენტს საჰაერო მიმოსვლის შესახებ, რაც შექმნის ახალი ავიაკომპანიებისთვის ჩვენს ბაზარზე შემოსვლის შესაძლებლობას, შექმნის კონკურენციას და უფრო ხელმისაწვდომ ფასებს. ვისაუბრეთ ასევე უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულებაზე. მინისტრმა მზადყოფნა გამოთქვა, რომ მისი და ასევე ისრაელის სხვა სამინისტროები აქტიურად იმუშავებენ ამ საკითხზე", - აღნიშნა ვერა ქობალიამ.