მიხეილ სააკაშვილი მისი ხელისუფლების მიერ აშენებული ქვეყნის ოპოზიციისთვის გადაბარებას არ აპირებს. როგორც პრეზიდენტმა ბეშუმში ყოფნისას განაცხადა, ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი ამბობს რომ მშენებლობები ცუდია და ხელისუფლების მიერ აშენებული უნდა დაინგრეს.
"ვინც ურცხვად აცხადებს, რომ მშენებლობა ცუდი ყოფილა, ვინც ტელევიზიით ყვება რომ ახალი კურორტების მთებში მშენებლობა ეს არის მთის დამახინჯება, ის ხალხი ვინც იძახის რომ ჩვენ უნდა დავაბრუნოთ ძველი კორუმპირებული მოხელეები და იმპერიული კონტროლის ქვეშ უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს. მათ გვინდა უთხრათ, რომ ჩვენ უკან წასასვლელი არსად აღარ გვაქვს, ჩვენ უნდა ვიმოძრაოთ წინ, უკეთესი მომავლისკენ. ამასწინათ ერთ-ერთი პოლიტიკოსი იძახოდა კი ბევრი ააშენა ამ მთავრობამ, მაგრამ ეხლა მოვიდა დრო, რომ ჩვენ გავაგრძელოთ ეს ყველაფერი. მეტი საქმე არა მაქვს, რომ ჩემი აშენებული თქვენ დაგანგრევინოთ. ესენი ისეთი სპეციალისტები არიან ნგრევის, ისეთი ექსპერტები არიან მაგათ ხელში რომ ჩაუგდო ჩვენი ცათამბჯენები შეიძლება ორ თვეში არაფერი აღარ დარჩეს იქიდან. ნურასუკაცრავად, ჩვენ ასაშენებელი გვაქვს ახალი კურორტები, ახალი სკოლები, ახალი უნივერსიტეტები, ჩვენ ჩვენს შვილებს უნდა მივცეთ საუკეთესო განათლება". - აცხადებს პრეზიდენტი.