მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს ანგელოზის დღე, ილიაობა მიულოცა.
"თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, ქრისტესმიერო მოძმევ! გულითადად მივესალმები და გილოცავ თქვენი ზეციური მფარველის დღეს. წმინდა ილია წინასწარმეტყველის მსგავსად, მრავალი წლის განმავლობაში დაუღალავად აუწყებთ ადამიანებს სიმართლეს და ზრუნავთ თქვენზე მინდობილ საქართველოს მართლმადიდებელ მრევლზე. წმინდა ილია წინასწარმეტყველის ლოცვით მოგმადლოთ უფალმა გულუხვი დახმარება თქვენს მსახურებაში, მოგანიჭოთ სულიერი სიხარული და ჯანის სიმრთელე. უცვლელი ქრისტესმიერი სიყვარულით, კირილი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი", _ ნათქვამია წერილში.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინედისასა და უნეტარესის, ილია მეორის ანგელოზის დღეა . მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ილია წინასწარმეტყველისა და წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, ტაძრებში საღმრთო ლიტურგია ტარდება. სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია II წირვა ყოვლადწმინდა სამების ტაძარში ატარებს.
ილია (ელია) თეზბიტელი ერთ-ერთი უდიდესი წინასწარმეტყველია ლევიტელთა ტომიდან, რომელიც ქრისტეს შობამდე ცხრაასზე მეტი წლის წინ ცხოვრობდა. ზედწოდება თეზბიტელი მისი მშობლიური ქალაქის, თეზბას სახელიდან მომდინარეობს (ეს ქალაქი, ერთი ვარაუდით, გალილეაში მდებარეობდა, სხვა მოსაზრებით კი - მდინარე იორდანეს მახლობლად, გალაადის ქვეყანაში). ეკლესიის სწავლებით, წინასწარმეტყველი ელია ცეცხლოვანი ეტლებით იქნა აღტაცებული ზეცად. იგი მეორედ მოსვლის წინ ანტიქრისტეს სამხილებლად ენოქთან ერთად უნდა მოვიდეს და ხორციელი სიკვდილიც დაითმინოს. საეკლესიო გადმოცემით, ელიას ხალენი საქართველოშია დაფლული, სვეტიცხოვლის ტაძარში, წმიდა ელია წინასწარმეტყველის სახელობის ეკვდერში.
ეკლესიამ ილია მართლის ხსენების დღედაც 2 აგვისტო დააწესა. ილია ჭავჭავაძე საქართვლოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. სინოდმა 1987 წელს, ერისა და ეკლესიის წინაშე ღვაწლისთვის, წმინდანად შერაცხა და უწოდა მას წმ. ილია მართალი.