10 აგვისტოდან, მედიის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების ზოგადი რეგულაციები ამოქმედდება. "საარჩევნო კოდექსის" მიხედვით, კენჭისყრამდე არა უგვიანეს 50-ე დღიდან კენჭისყრის დღემდე სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელები და საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებული არიან, გარკვეული პირობები დაიცვან.
ტელე ან რადიოკომპანიის მიერ 1 დღის განმავლობაში გამოყოფილი ფასიანი დრო არ უნდა აღემატებოდეს მისი დღიური მაუწყებლობის საერთო მოცულობის 15 პროცენტს და არც ერთ საარჩევნო სუბიექტს არ უნდა დაეთმოს ამ დროის ერთ მესამედზე მეტი. ფასიანი დროის ტარიფი ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის (როგორც კვალიფიციური, ისე არაკვალიფიციური სუბიექტებისათვის) ერთნაირი უნდა იყოს;
პოლიტიკური რეკლამის გამოქვეყნებისას, კადრის კუთხეში უნდა იყოს წარწერა "ფასიანი პოლიტიკური რეკლამა" ან "უფასო პოლიტიკური რეკლამა".
მედიასაშუალებები ვალდებულები არიან მაუწყებლობის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისა და პოლიტიკური რეკლამისთვის საეთერო დროის გამოყოფის შემთხვევაში საჯაროდ გამოაცხადონ და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ყოველკვირეულად გადასცენ ინფორმაცია: რომელი რიცხვიდან რომელ რიცხვამდე და რა პერიოდულობითაა გამოყოფილი საეთერო დრო, 1 დღის განმავლობაში გამოყოფილი დროის ხანგრძლივობა და გრაფიკი, საეთერო დროის ტარიფი, გაწეული მომსახურება;
ასევე, დაუშვებელია პოლიტიკური რეკლამის განთავსება სხვა დროს, გარდა ამ მიზნით გამოყოფილი დროის შუალედისა.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნები 1-ელ ოქტომბერს გაიმართება.