„ახალგაზრდა ადვოკატები" საქართველოს საგარეო საქმეთა მიინისტრის გრიგოლ ვაშაძის მიერ გამოცემული ბრძანების საფუძველზე „საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესის დამტკიცების შესახებ" ნორმატიულ აქტში განხორციელებული ცვლილებების გაუქმებას ითხოვენ.
ბრძანების საფუძველზე, საქართველოს მილიონამდე მოქალაქე ვალდებული იქნება საკონსულოს მიაწოდოს ცნობა საზღვარგარეთ საცხოვრებელი ადგილიდან.
"ახალგაზრდა ადვოკატები" მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ბრძანება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ამავდროულად, აქტი უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს პირდაპირ ანიჭებს არალეგალის სტატუსს და ქმნის მათი სამშობლოში დეპორტაციის საფუძველს.
იურისტები განმარტავენ, რომ ცვლილებები უცხოეთში მყოფ თანამემამულეებს უზღუდავს კონსტიტუციურ უფლებას იმყოფებოდნენ ქართულ სახელმწიფოსთან პოლიტიკურ-სამართლებრივ კავშირში და საარჩენო ხმის უფლების გამოყენებით მონაწილეობდნენ ქვეყნის საპარლამენტო, საპრეზიდენტო ან/და თვითმმართველობის არჩევნებში.
„ახალგაზრდა ადვოკატების" განცხადებით, ბრძანება "პირდაპირ არღვევს საქართველო-ევროკავშირს შორის 2011 წელს გაფორმებული რეადმისიის შესახებ შეთანხმების განხორციელების უმთავრესს წინაპირობებს, რა დროსაც, მსგავსი ღონისძიებები უნდა გატარდეს ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე, სწრაფი და ეფექტური პროცედურების ამოქმედებით, მოქალაქეების იდენტიფიცირებით და მათი უსაფრთხო და ორგანიზებული დაბრუნების მიზნით, რაც განხორციელებული ცვლილების წინაპირობების მიხედვით, მოკლებულია ლოგიკას და აუცილებლობას".
მინისტრის ბრძანება უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების მოქალაქეობის დაკარგვის აშკარა საფრთხესაც ქმნის, რადგანაც „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" კანონის თანახმად, (მუხლი 32, პუნქტი „ბ") პირი დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ მუდმივად ცხოვრობს საზღვარგარეთ და არასაპატიო მიზეზით არ დადგა საკონსულო აღრიცხვაზე ორი წლის განმავლობაში. ეს საფრთხე რეალურია, რადგანაც არსებობს ქვეყნები, რომელთა კანონმდებლობაც საერთოდ არ ითვალისწინებს ე.წ ცნობას საცხოვრებელი ადგილიდან. ამიტომაც, მინისტრის ბრძანებით ამ ცვლილებამ შესაძლებელია ასეთ ქვეყნებში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები მოქალაქეობის დაკარგვის წინაშე დააყენოს", - ნათქვამია „ახალგაზრდა ადვოკატების" გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები უფლებამოსილია დადგეს საკონსულო აღრიცხვაზე, რაც წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ დროებით ან მუდმივად ყოფნის ფაქტის აღრიცხვას.
"კანონი განმარტავს, რომ საქართველოს მოქალაქის მიერ ადგილსამყოფელ ქვეყნაში სამართლებრივად ყოფნის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობა არ შეიძლება გახდეს საკონსულო აღრიცხვაზე უარის თქმის საფუძველი, მინისტრის ბრძანება კი კანონის ამ მოთხოვნას პირდაპირ ეწინააღმდეგება, ხოლო თავად საქართველოს საარჩევნო კოდექსი მიუთითებს, რომ უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ საქართველოს არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა, თუკი მოქალაქეები დგანან ან არ დგაგან საკონსულო აღრიცხვაზე და არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 21-ე დღისა რეგისტრაციას გაივლიან სხვა სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში ან საკონსულო დაწესებულებაში. მინისტრის ბრძანება ყველა ამ კანონიერ შესაძლებლობას სამართლებრივ შინაარს აცლის", - ნათქვამია განცხადებაში.
"ახალგაზრდა ადვოკატები" აღნიშნავენ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ მიღებული ცვლილებები პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და შესაძლებელია შეფასდეს სადამსჯელო ღონისძიება საქართველოს დიასპორების მიმართ, რომლებიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში სისტემატურ აქციებს მართავენ საქართველოს მმართველი პოლიტიკური პარტიის საწინააღმდეგოდ.
"მინისტრის ბრძანებას არ გააჩნია სხვა ახსნა და ვარაუდი. თუკი საქართველოს სახელმწიფო უარს არ იტყვის უცხოეთში მყოფ თანამემამულეების კონსტიტუციური უფლებების შემზღუდველ ცვლილებებზე, უნდა ვივარაუდოდ, რომ მასობრივად დაიწყება საზღვარგარეთ ქართველი არალეგალების სამშობლოში დეპორტაიის პროცესი, რაც ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ და სოციალურ მდგომარეობას კიდევ უფრო მეტად დაძაბავს და სახელმწიფო სოციალური კრიზისის წინაშე აღმოჩნდება", - ნათქვამია განცხადებაში.