სადაზღვევო პაკეტის სრული შესაძლებლობის შესახებ სახელმწიფო დაზღვევის ბენეფიციართა 2%-ზე ნაკლებმა იცის. ამის შესახებ საუბარია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ მომზადებულ "საქართველოს ჯანმრთელობის დაზღვევის სექტორის" კვლევაში.
კვლევის ავტორტა მტკიცებით, საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო აქტებში არ არის გაწერილი სახელმწიფო დაზღვევის ბენეფიციართა უფლებები, რაც მათ საკუთარი დაზღვევის შესაძლებლობებით სრულად სარგებლობის საშუალებას მისცემს.
2009 წლის 9 დეკემბრის მთავრობის დადგენილება არსებული სახელმწიფო დაზღვევის ბენეფიციარებს 50%-იან თანაგადახდას სთავაზობს 50 ლარის ღირებულების იმ წამლებზე, რომლებიც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებულ სამკურნალო საშუალებათა ნუსხაშია შეტანილი, რაც 25 ლარის ღირებულების შეღავათს ნიშნავს. ამ ნუსხაში მხოლოდ ხუთი სხვადასხვა ტიპის რამდენიმე მედიკამენტი შედის. ბენეფიციარების 20% მათთვის საჭირო მედიკამენტები ნუსხაში ვერ აღმოაჩინა.
სახელმწიფო დაზღვევით მოსარგებლეთა ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტების შედარებამ გვაჩვენა, რომ ავერსის შვილობილი კომპანია „ალფა" უხეშად არღვევს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის დადგენილებას, რადგან სახელმწიფო დაზღვევის ბენეფიციარებს უზღუდავს უფლებას წამლები გარანტირებული ლიმიტის ფარგლებში მათთვის სასურველ აფთიაქში იყიდონ. წამლების შეძენა "ალფას" ბენეფიციარებს მხოლოდ "ავერსის" სააფთიაქო ქსელში შეუძლიათ;
2010 წელს, აუდიტის სამსახურმა აღმოაჩინა, რომ 2008-2010 წლებში სახელმწიფო დაზღვევის ბენეფიციარებთან კონტრაქტების 75% დადგენილ ვადაზე გვიან გაფორმდა, მაშინ როცა სახელმწიფო კონტრაქტის მთელი ვადის განმავლობაში სადაზღვევო პრემიას იხდიდა;
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მკვდარი სულები აღმოაჩინა (მონაცემთა ბაზაში ერთი და იმავე პირის ორჯერ შეტანა, არასათანადო ბენეფიციარები, გარდაცვლილები). სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, ამ დარღვევებმა მილიონობით ლარი შეადგინა, რაც შემდეგ მზღვეველებისგან იქნა ამოღებული, საზოგადოებისთვის უცნობია დაისაჯა თუ არა კონკრეტული პირები აღნიშნული გადაცდომისთვის;
სახელმწიფო დაზღვევის იმ 252 ბენეფიციარიდან, რომლებიც ჩვენმა სოციოლოგიურმა კვლევამ მოიცვა, 40-მა განაცხადა, რომ მათი თვიური შემოსავალი 401 ლარიდან 3000 ლარამდე მერყეობს, ხოლო 20-ის თქმით, მათი შემოსავალი 300-400 ლარია, რაც, ნიშნავს, რომ ისინი სახ. დაზღვევის პროგრამაში თაღლითურად მოხვდნენ.