საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ დიდ ბრიტანეთში ვიზიტი დაასრულა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებიდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ავღანეთის საკითხზე გაერთიანებული სამეფოს, გაერო-ს და ავღანეთის მიერ თანაორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში.
კონფერენციას, რომელიც გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა გორდონ ბრაუნმა და ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ გახსნეს, მსოფლიოს 70-ზე მეტი ქვეყნის საგარეო უწყებისა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის: გაერო-ს გენერალური მდივანი ბან კი მუნი, ნატო-ს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ესწრებოდნენ.
კონფერენციის მთავარ მიზანს მომავალი 18-თვიანი პერიოდისთვის მკაფიო საერთაშორისო სტრატეგიის შემუშავება წარმოადგენდა, რომლის საფუძველზეც მოხდება ავღანეთის ხელისუფლებისათვის ქვეყანაზე კონტროლის თანმიმდევრული გადაცემა. კონფერენციაზე მიღწეულმა შეთანხმებებმა ასახვა ჰპოვა ერთობლივ კომუნიკეში.
გარდა ამისა, ლონდონში ვიზიტის მსვლელობისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გაერთიანებული სამეფოს ევროპის მინისტრ კრის ბრაიანტს და ავსტრალიის, ესტონეთის, შვედეთის, სლოვაკეთის და აზერბაიჯანის კოლაგე მინისტრებს შეხვდა.
შეხვედრების დროს განხილულ იქნა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის საკითხები. გრიგოლ ვაშაძემ კოლეგებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ - განსაკუთრებით გაესვა ხაზი საოკუპაციო ძალების მხრიდან ადამიანის უფლებათა სისტემატური და უხეში დარღვევის ფაქტებს.
გრიგოლ ვაშაძესთან საუბრის დროს კოლეგებმა დაადასტურეს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და გამოხატეს არაღიარების პოლიტიკის ფარგლებში შემდგომი თანამშრომლობისათვის მზადყოფნა.