"დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" მთავარი საბჭოს წევრს, რეგიონალურ მდივანს ზაზა სოფრომაძეს სამართალდამცავები მოწმის სტატუსით კითხავენ. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ საგანგებოდ გამაართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ზაზა სოფრომაძის დაკავება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანაში ნეობოლშევიკური წყობაა.
"დილის 4 საათზე სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა 10-ზე მეტმა ადამიანმა საკუთარ სახლში აიყვანა და თავისუფლება აღუკვეთა ჩვენი პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, პარტიულ იერარქიაში მეორე ადამიანს ზაზა სოფრომაძეს. ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ ივლისის ბოლოს, აგვისტოს დასაწყისში ხელისუფლება პოლიტიკური პარტიების ლიდერების წინააღმდეგ პოლიტიკურ ტერორის განხორციელებას დაიწყებდა", - აღნიშნა ბურჯანაძემ
"დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" ლიდერმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების ქმედება, მაშინ როცა არჩევნებამდე მხოლოდ ორი თვეა დარჩენილი გასაკვირი არა არის.
"ხელისუფლება ადასტურებს, რომ არ აპირებს სამართლიანი არჩევნების ჩატარებას და ძალაუფლების დათმობას", - განაცხადა ბურჯანაძემ და დასძინა, რომ "მას შემდეგ რაც საგანგებო ბრიფინგი დაანონსდა, 15 წუთში ზაზა სოფრომაძეს მისცეს საშუალება, მეუღლის ტელეფონზე ზარი განეხორციელებინა. როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, ის ამჟამად მხოლოდ მოწმის სტატუსით ჰყავთ დაკავებული. თუმცა იმედია, რომ ხელისუფლებას ეყოფა გონიერება და დაუსაბუთებეული ბრალდებებით ჩვენი გუნდის ერთ-ერთ ლიდერს თავისუფლებას არ აღუკვეთენ".
ბურჯანაძის თქმით, პარტიაში აქვთ ინფორმაცია, რომ სოფრომაძის დაკავებამდე იყო მისი ყოფილი თანამშრომლების აყვანის მცდელობაც, რომელსაც სოფრომაძის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ.
შეგახსენებთ, რომ 2006 წელს, ფინანსურმა პოლიციამ სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ხელმძღვანელი ზაზა სოფრომაძე, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის დააკავა.