საქართველოში საფრანგეთის საელჩო ქვეყნის მთავრობის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცებას მიესალმება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საფრანგეთის საელჩოდან აცნობეს, საქართველოს სტრატეგია კონსტრუქციული ეტაპია იმისთვის, რომ დაძაბულობის შემცირება მოხდეს.
"ჩვენ მივესალმებით საქართველოს მთავრობის ამ მნიშვნელოვან ინიციატივას. საქართველოს სტრატეგია კონსტრუქციული ეტაპია დაძაბულობის შემცირებისათვის და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში მცხოვრებთათვის", - ნათქვამია საფრანგეთის დიპლომატიური უწყების განცხადებაში.
ამასთან, საქართველოში საფრანგეთის საელჩო მოუწოდებს "სხვებს და განსაკუთრებით რეგიონის მოთამაშეებს, დადებითი პოზიცია მიიღონ ამ სტრატეგიის მიმართ და იმუშაონ მისი განხორციელების ხელშეწყობისათვის".
"ჩვენ განსაკუთრებით მოვუწოდებთ საქართველოსა და რეგიონალურ მოთამაშეებს, შექმნან მისაღები გარემო ურთიერთობების გაუმჯობესებისათვის. ჩვენ ველოდებით სამოქმედო გეგმას, რომელშიც განსაზღვრული იქნება სტრატეგიის განხორციელების კონკრეტული ეტაპები", - ნათქვამია განცხადებაში და აქვე აღნიშნულია, რომ საფრანგეთის საელჩო მზადაა კონკრეტული წარმატებების მისაღწევად შესაბამის პროცესში საკუთარი წვლილი შეიტანოს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ სახელმწიფო სტრატეგია 27 იანვარს დაამტკიცა.