ვიცე-პრემიერ მინისტრი გიორგი ბარამიძე აგრძელებს სამუშაო ვიზიტს იტალიაში, სადაც რომში გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე 29-ე საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს.
ვიზიტის ფარგლებში ბარამიძემ ორმხრივი შეხვედრა გამართა ბოსნია და ჰერცეგოვინის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარესთან, საგარეო საქმეთა მინისტრ ზლატო ლაგუმჯიასთან. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები. ბოსნია და ჰერცეგოვინის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარემ საქართველოში მიმდინარე რეფორმებს შთამბეჭდავი უწოდა და მზადყოფნა გამოთქვა თანამშრომლობისთვის. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინის ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ ბოსნია და ჰერცეგოვინა არის იმ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთა შორის, რომელთანაც საქართველო დაჯგუფდა და ჩიკაგოს სამიტზე 28+4 ფორმატის შეხვედრაში მონაწილეობდა.
მორიგი შეხვედრა გიორგი ბარამიძემ იტალიის მთავრობის სახლში იტალიის ევროკავშირთან ურთიერთობების მინისტრთან ენცო მოავეროსთან გამართა, ხოლო იტალიის სენატში შეხვედრა გაიმართა იტალიის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარესთან ლამბერტო დინისთან.
იტალიურ მხარესთან ორმხრივ შეხვედრებზე გიორგი ბარამიძემ ხაზი გაუსვა საქართველო-იტალიის ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცების საკითხს და საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველო-იტალიის მოქმედებათა კოორდინაციის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, საქართველო განაგრძობს რეფორმებს და დემოკრატიულ, თანამედროვე, ევროპულ სახელმწიფოდ გარდაქმნის პროცესს. განიხილეს ჩიკაგოს სამიტის შედეგები და აღინიშნა ის პროგრესი, რომელიც საქართველომ აჩვენა ნატო-ში გაწევრიანების გზაზე.
შეხვედრებზე მხარეებმა, ასევე, განიხილეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აქტუალური საკითხები. საუბარი შეეხო ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის სტრატეგიასა და პრიორიტეტულ მიმართულებებს.
ორმხრივ შეხვედრებზე ბარამიძემ ისაუბრა საქართველოში არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებისა და ევროკავშირის, ევროსაბჭოს, ეუთოსა და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ სადამკვირვებლო მისიის განხორციელების მნიშვნელობაზე.
საუბარი შეეხო რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დარეგულირების საკითხებს და ამ მხრივ გიორგი ბარამიძემ ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტის სამშვიდობო ინიციატივის საფუძველზე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების საჭიროება. ვიცე-პრემიერმა იტალიურ მხარეს გააცნო საქართველოს სახელმწიფოს სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ და აღნიშნა ნეიტრალური სტატუსის მქონე დოკუმენტების მნიშვნელობა და იტალიურ მხარეს მხარდაჭერა სთხოვა ამ დოკუმენტის აღიარების საკითხში. თავის მხრივ, იტალიურმა მხარემ გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა.