პარლამენტის წევრები და აპარატის თანამშრომლები შენობას ცლიან. შენობის C კორპუსის ყველა ოთახში ნივთების ჩალაგების პროცესი მიმდინარეობს.
როგორც პარლამენტის აპარატის თანამშრომლები პირად საუბრებში აცხადებენ, სავარაუდოდ, პარლამენტის შენობაში სხდომები უკვე აღარ გაიმართება. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, მხოლოდ პარლამენტის ხელმძღვანელობა შეიკრიბოს.
ამავე დროს, იმ თანამშრომლებსა და პარლამენტის წევრებს, რომლებიც თავიანთ სამუშაო ოთახებს ცლიან უწევთ პირადი ნივთების სიის შედგენა და მისი პარლამენტის აპარატის თავმჯდომარე დავით ჯანიაშვილისთვის განცხადების სახით წარდგენა, რომ ნივთები მათი საკუთრებაა.
აღნიშნული პროცედურისა და პარლამენტის აპარატის თავმჯდომარის მხრიდან თანხმობის საფუძველზე დაცვა თანშრომლებსა და პარლამენტის წევრებს შენობიდან საკუთარი ნივთების გატანის შესაძლებლობას აძლევს.
პირადი ნივთების ჩამონათვალში მეტწილად სხვადასხვა აქსესსუარები, ნახატები, პირადი და ოჯახის წევრების ფოტოები, ყვავილები, ჭიქები და მსგავსი ნივთებია.
თავად პარლამენტის აპარატის უფროსი დავით ჯანიაშვილი პარლამენტის შენობის დაცლასთან დაკავშირებით კონკრეტული ვადების არსებობას უარყოფს.
ჟურნალისტებთან საუბარში დავით ჯანიაშვილმა განმარტა, რომ, საგაზაფხულო სესია დამთავრებული, პარლამენტის შენობაში არც საკომიტეტო მოსმენებია.
"დეპუტატებიც წინასაარჩევნო რეჟიმზე არიან გადასულები, აპარატის თანამშრომლებმა პირადი და სამსახურეობრივი ნივთების შეკვრის და დასაწყობების დავალება მიიღეს", - განაცხადა ჯანიშვილმა და დასძინა, რომ ქუთაისში პარლამენტის შენობის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება და რადგან გადასვლას გარკვეული პერიოდი დასჭირდება უმჯობესია, მზადყოფნა აქედანვე დაიწყოს.
ჯანიაშვილის განცხადებით, ქუთაისში პარლამენტის შენობის მშენებლობა სრულად სექტემბრისთვის უნდა დასრულდეს.
ჯანიაშვილმა ასევე დააკონკრეტა, რომ თუ არჩევნების თარიღიდან გამომდინარე, საშემოდგომო სესიის გახსნა აუცილებელი იქნება, ის ალბათ, თბილისში მდებარე პარლამენტის შენობაში გაიხსნება.