დამასკოში უშიშროების საბჭოს შენობასთან მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა რადიკალური ისლამისტური ორგანიზაცია "ლივა ალ-ისლამის" წარმომადგენლებმა აიღეს. ინფორმაციას ამის შესახებ "როიტერი" ავრცელებს დაჯგუფების მიერ სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" გაკეთებულ განცხადებაზე დაყრდნობით.
თვითმკვლელმა თავი დამასკოში ნაციონალური უსაფრთხოების შენობასთან აიფეთქა. ამ დროს შენობაში ძალოვანი მინისტრებისა და სპეცსამსახურების წარმომადგენელთა მონაწილეობით თათბირი მიმდინარეობდა.
აფეთქების შედეგად სირიის თავდაცვის მინისტრი დაუდ რაჯა და მისი მოადგილე პრეზიდენტ ბაშარ ასადის დის ქმარი, სირიის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი ასიფ შაუკატი დაიღუპნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, თვითმჯვლელი პრეზიდენტ ბაშარ ასადის პირადი დაცვის წევრი იყო.
ამჟამად შენობამდე მისასვლელი გზები გადაკეტილია. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ მიერ სირიის დედაქალაქში მსხვილი სახმელეთო ოპერაცია დაიწყო. სირიის ოფიცილაური პირები კი თავის მხრივ აცხადებენ, რომ ოპოზიციის მიერ გაკეთებული განცხადების მასშტაბები ფართო სახმელეთო ოპერაციის დაწყების შესახებ გაზვიადებულია. ამბოხებულები ასევე აცხადებენ, რომ დამასკოს ზოგ ქუჩაში ტანკები გამოჩნდა.