საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, 2012 წლის 18 ივლისს, მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 5.75 პროცენტს შეადგენს.
არსებული პროგნოზებით მოსალოდნელია, რომ შემდგომ პერიოდშიც გაგრძელდება ინფლაციის ზომიერად ზრდის ტენდენცია და მისი მაჩვენებელი მიზნობრივ დონეს მომავალი წლის მეორე ნახევარში მიაღწევს. ივნისში წლიურმა ინფლაციამ -0.2 პროცენტი შეადგინა.
ეკონომიკური აქტივობის ინდიკატორები წლის პირველ ნახევარში მაღალ ზრდაზე მუთითებენ, თუმცა არ ფიქსირდება მნიშვნელოვანი გადახრა პოტენციური დონიდან და შესაბამისად, ეკონომიკის გადახურებისა და მოთხოვნის მხრიდან ფასებზე ზეწოლის რისკებს არ წარმოქმნის.
იქიდან გამომდინარე, რომ ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივ დონეს მიაღწევს და მთლიანი შიდა პროდუქტი პოტენციურ დონეზეა, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიიღო მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება.
საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და მიიღებს შესაბამის გადაწვეტილებებს.
მონეტარული პოლიტიკის შემდეგი სხდომა 2012 წლის 29 აგვისტოს გაიმართება.