საქართველოში წლის დასაწყისიდან ოქროს ფასი საშუალოდ 60 დოლარით გაიაფდა. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს ეროვნულ ბანკში განუცხადეს, იანვარში 1 უნცია ოქროს ფასი საშუალოდ 1656,10 დოლარი იყო, ხოლო ივნისში კი ოქროს ფასმა 1595.63 დოლარი შეადგინა.
სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, იანვრიდან ივნისის ჩათვლით ოქროს ფასი 60,47 დოლარით დაეცა.
აღსანიშნავია, რომ 6 თვის განმავლობაში ოქროზე ყველაზე მაღალი ფასი თებერვალში, 1 უნციაზე 1743,10 დოლარი დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე დაბალი მაისში, 1 უნციაზე 1585,11 დოლარი.
როგორც სებ-ში განმარტავენ, ბანკი ფასის განსაზღვრისას ეყრდნობა საერთაშორისო ბაზარზე ოქროს საბაზრო ფასს.
"საერთაშორისო ბაზარზე ოქროს საბაზრო ფასად მიჩნეულია London Bullion Market Association -ის (ლონდონის ოქროს ზოდის ბაზრის ასოციაცია) მიერ განსაზღვრული დილის ფიქსინგის ფასი. ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ფასების დინამიკა, საერთაშორისო ბაზარზე განსაზღვრული ოქროს ფასის შესაბამისია"- განმარტავენ სებში.