საქართველოს ხელისუფლებას ნაცვლად იმისა, რომ რუსეთის დუმაში მიღებულ კანონებზე "მრისხანე" კომენტარები გააკეთოს, ურჩევნია ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში თავისი პრობლემები მოაგვაროს. განცხადება ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"არც თუ ისე ადრე ჩვენ მოგვიწია რეაგირება გვქონოდა აშშ-ს წარმომადგენლების მიერ განხორციელებულ მცდელობებზე ჩარეულიყვნენ რუსეთის ფედერაციაში მიმდინარე სუვერენულ საკანონმდებლო პროცესზე.
თავისი "ხუთი კაპიკის" შეტანა "რუსეთში დემოკრატიის გადარჩენის" საქმეში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გადაწყვიტა და რუსეთის დუმის მიერ არაკომერციული ორგანიზაციების საქმიანობის მარეგულირებელ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით მრისხანე განცხადება გააკეთა", _ განაცხადა ლუკაშევიჩმა.
მისივე თქმით, დოკუმენტიდან ჩანს, რომ თბილისში ძალიან შეშფოთებუნი არიან რუსეთში "უცხოური და საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობით, რომლებიც ასე თუ ისე ხელს უწყობენ სამოქალაქო საზოგადოების განვითარებასა და ადამიანის უფლებათა დაცვას".
"ოფიციალურ თბილისს ვურჩევთ, რომ თავდაპირველად თავად დაანებონ თავი ზუსტად ამ საერთაშორისო უფლებათადამცავი ორგანიზაციების მიერ გაკეთებული პრეტენზიების იგნორირებას თავად საქართველოში.
ყველაზე კარგი რაც შეიძლება საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთოს მსოფლიოში დემოკრატიის გამყარებისათვის, არის ის, რომ ბოლოს და ბოლოს დაიწყონ სერიოზული პრობლემების მოგვარება და ადამიანის უფლებებისა და ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვა საკუთარ ქვეყანაში. ამ პრობლემებზე მათ არაერთგზის მიუთითეს გაერომ, ევროსაბჭომ და სხვა უფლებების დამცველმა ორგანიზაციებმა", _ აცხადებს რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენელი და აღნიშნავს, რომ "რაც შეეხება სააკაშვილის რეჟიმის პრეტენზიას ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საერთაშორისო მონიტორის როლზე ეს უბრალოდ სასაცილოა".
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ფედერაციის ცალკეულ საკანონმდებლო აქტებში ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლებიც არეგულირებენ არაკომერციული ორგანიზაციების საქმიანობას განცხადება გაავრცელა.
რუსეთის ფედერალური კრების ქვედა პალატამ - სახელმწიფო სათათბირომ მესამე წაკითხვით მიიღო კანონპროექტი ცვლილებების შესახებ რუსეთის ფედერაციის ცალკეულ საკანონმდებლო აქტებში, რომელიც არეგულირებენ „უცხო აგენტის ფუნქციის მქონე არაკომერციული ორგანიზაციების" საქმიანობას.
"კანონი და მისი დასახელება სრულად ასახავს რუსეთის ამჟამინდელი მმართველი ელიტის წარმოდგენას იმ უცხოური და საერთაშორისო ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც ასე თუ ისე ხელს უწყობენ სამოქალაქო საზოგადოების განვითარებასა და ადამიანის უფლებების დაცვას. ნიშანდობლივია, რომ თვით სიტყვა „აგენტი" მათთვის განუყოფლად ასოცირდება „უცხო ქვეყნის ჯაშუშთან" და შესაბამისად - მტერთან. ტერმინის „არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს უცხოური აგენტის ფუნქციას" გამოყენება მიზნად ისახავს მოსახლეობაში არასამთავრობო ორგანიზაციებისადმი უნდობლობისა და უარყოფითი დამოკიდებულების გაღვივებას.
აღნიშნული ცვლილებების პაკეტი არის გაგრძელება პუტინის რეჟიმის პოლიტიკისა, რომელიც მიმართულია რუსეთში სამოქალაქო საზოგადოების საბოლოო დამორჩილებისა და საერთაშორისო საზოგადოებრიობისათვის ადამიანის უფლებების მასობრივი და უხეში დარღვევების დამალვისაკენ", _ ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.