ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, წლის I ნახევარში საწვავის იმპორტი მისი რეკორდულად მაღალი ფასის მიუხედავად გაიზარდა.
„2012 წლის I ნახევარში საქართველოში საწვავის იმპორტმა (ბენზინი და დიზელის საწვავი) შეადგინა 378 323 763,79 კგ, რაც 32 ათასი ტონით ანუ 8.5 პროცენტით აღემატება 2011 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს და 52 ათასი ტონით ანუ 14 პროცენტით 2010 წლის მაჩვენებელს"- განმარტავენ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.
"ასევე აღსანიშნავია მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში საწვავის იმპორტი კატეგორიების მიხედვით. კერძოდ, ბენზინის მოხმარების მთლიან სტრუქტურაში რეგულარის ტიპის ბენზინის მოხმარებამ შეადგინა 70 % და გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით განსაკუთრებით გაზრდილია ევრო რეგულარის წილი, პრემიუმი - 26,5 % (გაზრდილია 6%-ით), სუპერი - 3% (გაზრდილია უმნიშვნელოდ); რაც შეეხება დიზელის საწვავის მთლიან სტრუქტურას, ევრო დიზელის მოხმარებამ შეადგინა 31,62 % (გაზრდილია 4 %-ით), ხოლო L-62 მარკის დიზელის საწვავმა - 68 %."
"კატეგორიების მიხედვით საწვავის იმპორტის მაჩვენებლის ზრდა გამოწვეულია იმით, რომ ბოლო პერიოდში მიმდინარეობს ავტოპარკის განახლება როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორში.
საწვავის მოხმარებასთან ერთად იზრდება ასევე სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლები, რაც მეტად მნიშვნელოვანია ქვეყნისათვის.
მთლიანობაში საწვავის მოხმარების გაზრდა განპირობებულია ეკონომიკის ზრდით, ინფრასტრუქტურული პროექტების დიდი მოცულობით, სატრანზიტო გადაზიდვების, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების გააქტიურებით, ტურისტების შემოდინებით, ზოგადად ავტოპარკის გაზრდით. ასევე ველოდებით, რომ საწვავის მოხმარების მზარდი ტენდენციები შემდგომშიც გაგრძელდება, რადგან იწყება ზაფხულის - შვებულებებისა და ტურისტული სეზონი, როდესაც განსაკუთრებულად აქტიურია ტრანსპორტით მოძრაობა"- აცახდებენ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.