საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის გაფორმდა შეთანხმება საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ და მოლდოვას რესპუბლიკის ტრანსპორტისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მინისტრმა ანატოლი შალარუმ.
შეთანხმების გაფორმება ხელს შეუწყობს საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკას შორის სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვების მოცულობების გაზრდასა და ორი ქვეყნისთვის ურთიერთსასარგებლო ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას. დოკუმენტი ითვალისწინებს შეთანხმების ხელმომწერი ერთ-ერთი სახელმწიფოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებით სატვირთო გადაზიდვების განხორციელებას ორმხრივ, სატრანზიტო ან მესამე ქვეყნებში/ქვეყნებიდან მიმოსვლაში კვოტირებული ნებართვების საფუძველზე, რომელთა რაოდენობასაც მხარეები ყოველწლიურად განსაზღვრავენ შეთანხმების საფუძველზე და აღნიშნული ნებართვის ბლანკებს ერთმანეთში გაცვლიან.
შეთანხმებით განსაზღვრულია აგრეთვე ხელმომწერ სახელმწიფოებს შორის (ან მათი ტერიტორიების ტრანზიტად გავლით) რეგულარული და არალეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელების პირობები.
შეთანხმება ასევე ითვალისწინებს მხარეებს შორის საავტომობილო გადაყვანა/გადაზიდვასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების დარეგულირებას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკის გადამზიდველებს თავიანთი საქმიანობის განხორციელებაში.