რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა გენერალ დუმბაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი სამი პირიდან თითოეულის როლი განსაზღვრა. რომან ბელქანიამ, შოთა თარუგიშვილმა და ალექსანდრე ბერიშვილმა, რომლებიც 4 ივლისს დააპატიმრეს, გენერალ დუმბაძის მკვლელობის ბრალდებით გაიგეს, თუ კონკრეტულად რაში ედებათ მათ ბრალი.
"2012 წლის მაისში თარუგიშვის მიმართა უცნობმა პირმა წინადადებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბათუმის 25-ე ბრიგადის გენერლის მკვლელობის ორგანიზება მოეხდინა. ამისათვის ეს პირი ფულად ჯილდოს დაჰპირდა, რომლის რაოდენობაც ამჟამად დგინდება", _ წერს რუსული მედია რუსეთის შს სამინისტროს მოსკოვის მთავარ სამმართველოზე დაყრდნობით და აღნიშნავს: "თარუგიშვილი ამ წინადადებას დასთანხმდა და მკვლელობის განხორციელებაში ბერიშვილი, ბელქანია და ერთი უცნობი პირი ჩართო".
გამოძიების ინფორმაციით, ბოროტმოქმედებმა თავდაპირველად რომან დუმბაძეზე თვალთვალი დააწესეს მისი მარშრუტი და დღის წესრიგი შეისწავლეს. შედეგად, შეარჩიეს დრო, რომელიც ბოროტმოქმედების მიერ მკვლელობის განხორციელებისთვის იდეალური აღმოჩნდა.
რომან ბელქანიას, შოთა თარუგაშვილსა და ალექსანდრე ბერიშვილს მოსკოვის პრესნენსკის სასამართლომ მიმდინარე წლის 5 ივლისს პატიმრობის ვადა 21 აგვისტომდე შეუფარდა. ყველა მათგანი გენერალ დუმბაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დააპატიმრეს. გამოძიების ვერსიით, ბელქანია რომან დუმბაძეს უთვალთვალებდა, ბერიშვილმა კი მოტოციკლეტით მკვლელი მიიყვანა, თარუგიშვილმა კი მსხვერპლს ესროლა. აღსანიშნავია, რომ თარუგიშვილი ბრალს ამ დანაშაულის ჩადენაში არ აღიარებს, თუმცა იგი მოწმეებმა ამოიცნეს. რუსული მედიის ინფორმაციით, გენერალ რომან დუმბაძის მკვლელები აგენტურული ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს. სამივე დაკავებული საქართველოდანაა.
მოწმის სახით სამართალდამცავებმა 26 წლის მოსკოვის მცხოვრები მიხაილ ტონია დააკავეს. მისი ოჯახის წევრების განცხადებით, ტონიას დაკითხვა მოხდა ვინმე თორნიკე კვირიკაშვილთან კავშირის საფუძველზე. კვირიკაშვილი პერიოდულად ცხოვრობდა ტონიას სახლში და იქ საკუთარ ნივთებსაც ინახავდა. მიხაილ ტონიას დედის განცხადებით, გამოძიება დაინტერესდა კვირიკაშვილის ავტომობილით, რომელიც მან ტონიას საცხოვრებელი კორპუსის ეზოში დატოვა. ტონიას დედა განმარტავს, რომ მისმა შვილმა კვირიკაშვილი ერთი წლის წინ გაიცნო. ივნისის დასაწყისში კი მან ტონიას დროებით მის სახლში ცხოვრება სთხოვა. რუსული მედია წერს, რომ თავად მიხაილ ტონია სამართალდამცავეთა ინტერესის ობიექტი ადრეც გამხდარა, მისი ნარკოდამოკიდებულების გამო.
გამოძიების მონაცემებით დაკავებული ქილერები იყვნენ დაქირავებულები და მათ კავშირი აქვთ მოსკოვის ტერიტორიაზე მომხდარ რამდენიმე გახმაურებულ დანაშაულთან. ერთ-ერთი რუსული გამოცემა იუწყება, რომ ბანდის ერთი წევრი 48 წლის მამაკაცი (ბერიშვილი რედ.) სამართალლდამცავებმა "ფრონტოვიკების" მებაღეობის ამხანაგობაში დააკავეს. მან აღიარა, რომ გადაჰყავდა ქილერი (თარუგიშვილი რედ., რომელმაც დუმბაძეს შვიდჯერ ესროლა. ასევეე სამართალდამცავებს აჩვენა იარაღის სამალავი. გამოძიების ვერსიით კიდევ ერთი დაკავებული (ბელქანია) დუმბაძის გადადგილებას ადევნებდა თვალს და ის "მართავდა" მოვლენებს. დუმბაძის ოჯახის ახლობლები აცხადებენ, რომ დამქირავებლებმა ქილერებს 150 ათასი აშშ დოლარი გადაუხადეს.
საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალი, ბათუმის 25-ე ბრიგადის ექს-მეთაური რომან დუმბაძე მოსკოვში 21მაისს მოკლეს. დუმბაძე თავისა და მუცლის არეში მიყენებული ჭრილობებისგან ადგილზე, სასწრაფო დახმარების მოსვლამდე გარდაიცვალა. დუმბაძე ცნობილია იმით, რომ საქართველოსა და მისი ერთ ერთი რეგიონის აჭარის ხელისუფლების კონფლიქტის დროს მან უარი განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებების შესრულებაზე და ასლან აბაშიძის უშუალო დაქვემდებარებაში გადასვლის შესახებ განცხადება გააკეთა.
ამის გამო იგი საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა 2004 წელს დააპატიმრეს და სამშობლოს ღალატის მუხლით სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. დუმბაძე 2008 წლის აგვისტოში გაათავისუფლეს.
2010 წელს რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით გენერალ დუმბაძეს რუსეთის მოქალაქეობა მიენიჭა.