ტაილანდის სამხრეთ ნაწილში, საკურორტო კუნძულ ფუკეტზე, ქალაქ პატონგში მდებარე კომერციულ შენობაში გაჩენილ ხანძარს 11 ადამიანი ემსხვერპლა, 16 კი დაშავდა. ინფორმაციას Reuters პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ხანძარი ორშაბათს, 16 ნოემბერს, გამთენიისას, დაახლოებით 03:17 საათზე გაჩნდა. ცეცხლი თავდაპირველად გაჩნდა შენობაში, სადაც სატრანსპორტო საშუალებების გაქირავების ბიზნესი იყო განთავსებული, შემდეგ კი მეზობელ შენობებზეც გავრცელდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ცეცხლის ჩაქრობას მეხანძრეები დაახლოებით ორი საათის განმავლობაში ცდილობდნენ.
დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლიციის ინფორმაციით, მათ შორის 15 ტაილანდის, ერთი კი მიანმარის მოქალაქეა. დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის ტურისტები არ არიან.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.