სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კოლხეთის დაბლობზე სადრენაჟე და სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება დაიწყო. პროექტი 4 ეტაპადაა დაყოფილი და ადგილობრივი მოსახლეობის საკუთრებაში არსებულ აუთვისებელ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე მელიორაციის სისტემის სრულყოფას ითვალისწინებს.
პირველ ეტაპზე სადრენაჟო-საკოლექტორო ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები ზუგდიდის რაიონში, სოფელ ერგეტასა და დიდ ნეძში დაიწყო. პროექტი 38 კილომეტრიანი მონაკვეთის დამშრობი სისტემის, მაგისტრალური არხის და სათავე ნაგებობის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. პროექტის დასრულების შემდეგ 500 ოჯახის საკუთრებაში არსებული დაახლოებით 1200 ჰექტარი მიწის ფართობის დაშრობა მოხდება.
დღესვე, ადგილობრივ ფერმერებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა კოლხეთის დაბლობზე 1 თვის წინ აღებული ნიადაგის ნიმუშების ლაბორატორიული ანალიზის საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციები გააცნეს. ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ კოლხეთის დაბლობზე არსებული ნიადაგი ვარგისია, როგორც მარცვლეული ასევე ბოსტნეული კულტურების წარმოებისთვის. სამინისტროს წარმომადგენლების თქმით, აგროკალენდრის დაცვითა და ნიადაგის დროული გამდიდრებით კოლხეთის დაბლობზე შესაძლებელი იქნება უხვი და ხარისხიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მიღება, რაც მცირე და საშუალო ფერმერებისთვის დამატებითი შემოსავლის საწინდარი გახდება.
სარეაბილიტაციო სამუშაობის დასრულება 2012 წლის ოქტომბერში იგეგმება. მშენებლობაზე 10 ადგილობრივია დასაქმებული.