ტელეკომპანია ,,მაესტროს" ჟურნალისტებმა პარლამენტთან აქცია გამართეს და სამართალდამცველების მხრიდან ანტენების დაყადაღება ამ ფორმით გააპროტესტეს. ტელეკომპანიის ჟურნალისტებმა სპეციალური განცხადებაც გაავრცელეს.
,,მოგვეცით მუშაობის შესაძლებლობა, მოხსენით ყადაღა, დაუშვით ,,მაესტრო" ყველა ოჯახში, ჩვენთვის წართმეული თქვენ მაინც დაარიგეთ. ეს არის ყველა ის პრინციპი რის გამოც ჩვენ მაესტროს, თანამშრომლები დღეს აქ შევიკრიბეთ. მოქალაქეებს აქვთ უფლება იცოდნენ, აქვთ უფლება მიიღონ ინფორმაცია, აქვთ უფლება მოისმინონ განსხვავებული აზრი. ყველა ამ პრინციპს ჩვენ ყოველდღიურად ვიცავთ და გვსურს, ყოველივე ეს მაყურებელს შეუფერხებლად მიეწოდოს. მოგვეცით შესაძლებლობა შევასრულოთ ჩვენი პროფესიული მოვალეობა და დავიცვათ მოქალაქეების უფლება მიიღონ ინფორმაცია. ინფორმაციის შეზღუდვა მავნებელი", _ განაცხადა ,,არგუმენტების" წამყვანმა თია სიჭინავამ, რომელმაც ,,მაესტროს" თანამშომლების სახელით სპეციალური განცხადება გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ტელეკომპანია "მაესტროს" მიერ შემოტანილი ანტენების დაყადაღების მოთხოვნასთან დაკავშირებით 11 ივლისს დააკმაყოფილა. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებას აქვს საკმარისი მტკიცებულებები, რომლის მიხედვითაც, შპს "მაესტრომ", პოლიტიკურ კოალიცია "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული კომპანიების - შპს "ელიტა ბურჯის" წარმომადგენელთა მითითებით, თვალთმაქცური გარიგების გზით, საქართველოში შემოიტანა ათასობით სატელიტური ანტენა, რომელიც უნდა დარიგებულიყო "ქართული ოცნების" სასარგებლოდ, ამომრჩეველთა მოსყიდვის მიზნით, შპს "გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" მიერ უკვე აპრობირებული სქემით. მათი ცნობით, მოპოვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნებისთვის" სატელიტური ანტენების იმპორტს თვალთმაქცური გარიგებების მეშვეობით ახორციელებს შპს "მაესტრო", რომელმაც ჩაანაცვლა შპს "ელიტა ბურჯი" და სხვა კომპანიები.