საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ მიიღო მოლდოვას რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრი იურიე ლიანკე.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები, ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებასა და გაღრმავებაზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკის ევროინტეგრაციის პროცესებზე, გამოცდილებისა და ცოდნის ურთიერთგაზიარებასა და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობისა და თანადგომის მნიშვნელობაზე.
მოლდოვას რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრი იურიე ლიანკე საქართველოში იმყოფება მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ვლადიმირ ფილატის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში. ვიზიტის დასრულების შემდეგ, მოლდოვას რესპუბლიკის დელეგაცია მიემგზავრება ქ. ბათუმში, მე-9 საერთაშორისო კონფერენციაში "საქართველოს ევროპული გზა - ევროკავშირი და მისი ევროპელი მეზობლები" მონაწილეობის მისაღებად.