10-12 ივლისს ქ. ბათუმში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით გაიმართება მე-9 საერთაშორისო კონფერენცია "საქართველოს ევროპული გზა - ევროკავშირი და მისი ევროპელი მეზობლები".
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, კონფერენციას დაესწრება საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ აღმოსავლეთ ევროპის რეგიონისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაღალი თანამდებობის პირები, ევროკავშირის ინსტიტუტების ხელმძღვანელები, მათ შორის, გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი შტეფან ფულე, ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ვილფრედ მარტენსი, მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ ფილატი. ასევე, ევროპარლამენტარები, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე საქართველოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების არასამთავრობო სექტორისა და საქმიანი წრეების წარმომადგენლები.
კონფერენცია ეძღვნება ევროკავშირის აღმოსავლეთ ევროპის სამეზობლოში ევროინტეგრაციის პროცესის პერსპექტივებს, მათ შორის, დემოკრატიულ რეფორმებსა და კანონის უზენაესობის საკითხებს, გლობალური და რეგიონალური უსაფრთხოების გამოწვევებს, ევროკავშირთან ეკონომიკურ თანამშრომლობასა და ხალხთა შორის კავშირებს.
კონფერენციაზე იმუშავებს ოთხი თემატური სესია: დემოკრატიული რეფორმები და კანონის უზენაესობა, გლობალური უსაფრთხოების გამოწვევები, ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის შესაძლებლობები და ხალხთა შორის კონტაქტები, როგორც ევროინტეგრაციის კატალიზატორი.