აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგად, დემოკრატიულმა პარტიამ სენატზე კონტროლი დაიბრუნა. ეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური დარტყმაა.
Reuters-ის ცნობით, დემოკრატებმა ტრადიციულად რესპუბლიკელების მხარდამჭერ შტატებში სენატორის არჩევნებში გაიმარჯვეს და რესპუბლიკელებს რამდენიმე ადგილი წაართვეს. მათ შორის ტეხასში, სამხრეთ კაროლინაში, ჩრდილოეთ კაროლინასა და ოჰაიოში. ამ შტატებში დემოკრატმა კანდიდატებმა რესპუბლიკელი კონკურენტები დაამარცხეს.
განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ტეხასის არჩევნებმა, სადაც დემოკრატმა ჯეიმს ტალარიკომ რესპუბლიკელი კენ პაქსტონი დაამარცხა. ამ გამარჯვებით დემოკრატებმა ტეხასში სენატორის არჩევნები 38 წლის შემდეგ პირველად მოიგეს. ოჰაიოში კი შეროდ ბრაუნმა რესპუბლიკელი მოქმედი სენატორი ჯონ ჰასტედი დაამარცხა.
როგორც მედია წერს, ეს მნიშვნელოვნად შეზღუდავს ტრამპის შესაძლებლობებს პრეზიდენტობის ბოლო ორი წლის განმავლობაში.
Reuters-ის თანახმად, დემოკრატების წარმატება მხოლოდ სენატით არ შემოიფარგლა - პარტია წარმომადგენელთა პალატაშიც უმრავლესობის მოპოვებას შეძლებს. ამგვარად, დემოკრატებს კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლის აღდგენის შესაძლებლობა გაუჩნდათ.
სენატზე კონტროლის მოპოვება დემოკრატებს კომიტეტების ხელმძღვანელობისა და საკანონმდებლო დღის წესრიგზე გავლენის შესაძლებლობას მისცემს.
ამჟამინდელი პროგნოზით, დემოკრატები”კონგრესის ორივე პალატას გააკონტროლებენ.
NBC News-ის პროგნოზის მიხედვით, დემოკრატიული პარტია წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობის მოპოვებას და დაახლოებით 244 მანდატის მიღებას შეძლებს.