დღეს, 10 ივლისს, ეკლესია გიორგი მთაწმინდელის ხსენების დღეს აღნიშნავს.
წმიდა გიორგი მთაწმინდელი დაიბადა 1009 წელს თრიალეთში, ღვთისმოსავი ქრისტიანების ცნობილი სახელმწიფო მოღვაწეების იაკობისა და მარიამის ოჯახში. შვიდ წლამდე დედ-მამასთან იზრდებოდა. შვიდი წლის ყრმა ტაძრისის მონასტერში მიიყვანეს და ჩააბარეს ღვთისმოშიშებითა და სიბრძნით განთქმულ წინამძღვარს - წმიდა საბიანეს. ტაძრისში გიორგიმ სამი წელი დაყო. ათი წლის გიორგი მამამ ხახულის მონასტერში წაიყვანა და აღსაზრდელად ჩააბარა იქ მოღვაწე თავის ორ ძმას, ღირს გიორგი მწერალს და საბა ხახულელს. ბიძებმა ყოველგვარი სიკეთით შემკული ძმისწული ხახულის მონასტრის წინამძღვარს, სიწმინდით განთქმულ ღირს მაკარი მმარხველს მიჰგვარეს. ამ დროს ხახულში მოღვაწეობდნენ მამა ბასილი, ბაგრატ III-ის ძე, ილარიონ თვალელი, ანტონი მნათე - ღმერთშემოსილი და სხვა მრავალნი, რომელთა ცხოვრებამ წარუშლელი კვალი დატოვა გიორგის ჩამოყალიბებაში.
როცა თრიალეთის ერისთავმა ფერის ჯოჯიკის ძემ გიორგის ბიძა, გიორგი მწერალი, თავის სასახლეში მიიწვია მოძღვრად, მოხუცმა გიორგიმ ძმისშვილიც თან გაიყოლა. ყრმა გიორგის სიკეთით განცვიფრებულმა ფერისის მეუღლემ, "საღმრთომან მან დედაკაცმან შვილად თვისად" აღიარა იგი და "დაყვეს მრავალი ჟამი კეთილსა და ღმრთისა სათნოსა ცხოვრებასა შინა". 1022 წელს ბიზანტიის კეისარმა ბასილიმ მის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში ფერისსაც დასწამა ცილი, კონსტენტინოპოლში დაიბარა და თავი მოჰკვეთა. ფერისის მეუღლე თორმეტი წელს დარჩა დედაქალაქში. ღვთისმოყვარე დედაკაცმა გიორგი "სასწავლოდ მისცა კაცთა ფილოსოფოსთა და რიტორთა, ორთავე ცხოვრებითა შემკობილთა".
თორმეტი წლის შემდეგ 1034 წელს კეისრის ბრძანებით ფერისის მეუღლე კვლავ სამშობლოში, ტვარწატაფს მივიდა და გიორგიც თან წამოიყვანა. გიორგი ხახულის მონასტერში მივიდა და ოცდახუთი წლისამ "ტკბილსა მას უღელსა მონაზონებისასა ქედი თჳსი მოუდრიკა. მოძღუარი მისი სულიერი და ღუაწლთა მიმართ მონაზონებისათა მწურთელი, დიდი ილარიონ წუთ ხორცთა-ღა შინა იყო და ჴელთაგან მისთა მიიღო კურთხევაჲ მონასონებისაჲ, რამეთუ იგი იყო პირველი მოძღუარი მისი და მიზეზი ყოვლისა კეთილისაჲ".
1036 წელს გიორგიმ ფარულად დატოვა მონასტერი და, გლახაკის ძონძებში გადაცმული, სირიაში გაემართა. გაჭირვებით მიაღწია შავ მთამდე. იპოვა მთის ნაპრალებში დაყუდებული საოცარი მამა - ქართველი ბერი გიორგი დაყუდებული. სამი წლის მოღვაწეობის შემდეგ გიორგი დაყუდებულმა გიორგი სქემით შემოსა და იერუსალიმში გაუშვა წმიდა ადგილთა მოსალოცად, უკან დაბრუნებულს კი 1040 წელს მთაწმიდაზე წასვლა და "თარგმანებაჲ წიგნთა საღმრთოთაჲ ბერძნულისაგან ქართულად", ანუ წმიდა ექვთიმე ათონელის საქმის გაგრძელება უბრძანა.
ათონელმა ქართველებმა სიხარულით მიიღეს წმიდა მამა. გიორგიმ მოწიწებითა და შიშით მიიღო მღვდლობის პატივი, საღმრთო წიგნების თარგმნასაც მიჰყო ხელი და მალე მთელი საძმოს წინამძღვარიც შეიქნა. ამ დროიდან იწყება ფართო მოღვაწეობა მამა გიორგი მთაწმინდელისა. მან შეკრიბა ცნობები ექვთიმესა და იოანეს შესახებ, აღწერა მათი ცხოვრება, გადმოასვენა და დიდებულ ლარნაკში მოათავსა წმიდა მამათა ნაწილები.
საბერძნეთში იმპერატორ კონსტანტინე მონომახთან ჩასულმა ქართველთა მეფემ, ბაგრატ IV-მ საქართველოში დაბრუნება და ჭყონდიდლის მიტროპოლიტობა შესთავაზა წმიდა მამას, მაგრამ ქვეყნიურ დიდებას და შფოთს განრიდებულმა გიორგიმ მეფეს უარი მოასხენა.
წინამძღვრობა და მონასტრის საქმეებზე ზრუნვა ბევრ დროსა და შრომას, ხშირად კი მონასტრიდან გასვლასაც მოითხოვდა და ამიტომ სამწერლო მოღვაწეობისათვის ძალიან ცოტა დრო რჩებოდა. გიორგი წინამძღვრობიდან გადადგა და შავ მთაზე წავიდა გიორგი დაყუდებულთან. გიორგი დაყუდებულმა ღვთის სიყვარულისთვის ისევ უკან დაბრუნება უბრძანა თავის სულიერ შვილს. გიორგი დამორჩილდა მოძღვრის ლოცვა-კურთხევას, ათონის მთაზე დაბრუნდა და ჩვეულ მოღვაწეობას შეუდგა. ამ საოცარი მამის მიერ თარგმნილ წიგნთა მხოლოდ ჩამონათვალიც კი ნათელს ხდის მისი მოღვაწეობის განუზომელ მნიშვნელობას: დიდი სვინაქსარი, საწელიწადო გამოკრებული, პავლენი სრული, პავლენი გამოკრებული, საწელიწადო, თვენი, სადღესასწაულო, წიგნი ექვსთა დღეთა - ბასილი დიდისა, დავითნი, დიდი პარაკლიტონი, დიდი მარხვანი, ზატიკი, დაბადების თარგმანება იოანე ოქროპირისა, მეექვსე კრების ძეგლისწერა, წიგნი გრიგოლ ნოსელისა და სხვანი.
ღვთისმოყვარე ბაგრატ მეფე ხშირად სთხოვდა მამა გიორგის საქართველოში ჩამოსულიყო სამოღვაწეოდ. ნეტარი მამა ჯერ უარობდა, მაგრამ ბოლოს, როცა "სრულქმნა თარგმანებაჲ საღმრთო წიგნთაჲ", აღასრულა მეფისა და კათოლიკოსის სურვილი. მათი ბრძანებით წმიდა მამამ გამოიკვლია მაშინდელი მდგომარეობა სასულიერო წოდებისა და მოაწესრიგა საეკლესიო ცხოვრება.
ხუთი წლის შემდეგ მამა გიორგი ისევ მთაწმინდაზე დაბრუნდა. ბაგრატ მეფემ პატივით და დიდძალი შესაწირავით გაისტუმრა ქართველთა მნათობი. ათონს მიმავალმა ნეტარმა მამამ თან ოთხმოცი ობოლი ბავშვი წაიყვანა აღსაზრდელად. კონსტანტინოპოლში ჩასულმა ნეტარმა გიორგიმ წანასწარ იგრძნო აღსასრულის მოახლოება და ბრძანა, ობოლნი იმპერატორის წინაშე წარსადგენად მოემზადებინათ. "უკუეთუ დღეს არა ვიხილო მეფე, ხვალე ხელთა არა გვაქვს!" - ჩქარობდა წმიდა მამა. მამა გიორგიმ „პატივი მისცა მეფესა და ჰრქუა, ვითარმედ "შემდგომად ღვთისა ხელთა შენთა შევვედრებ ობოლთა ამათ". შემდეგ ყრმებს წმიდა სვიმეონ მიმრქმელის ლოცვა "აწ განუტევე..." აგალობა და მეორე დღეს, პეტრეპავლობის დღესასწაულზე მიიცვალა.
ათონელმა მამებმა წმიდანის გვამი ათონზე გადაასვენეს და "ლუსკუმასა შინა მარმარილოსა გიორგის თანა მაშენებელისასა დაკრძალეს, ვითარცა მეორედ მაშენებელი და შემამკობელი ეკლესიათა".