ხვალ, 10 ივლისს, ეკლესია ლუკა იერუსალიმელის ხსენების დღეს ღნიშნავს. ლუკა იერუსალიმელი, მუხაისძე დაიბადა დაახლოებით 1245 წელს. იყო იერუსალიმის ჯვრის ქართული მონასტრის წინამძღვარი 1270-1273 წლებში. 1273 წელს ჯვრის მონასტერი მამლუქებმა მიიტაცეს და ლუკა იერუსალიმელი ქრისტიანობის დაცვისათვის 1273 წელს სიკვდილით დასაჯეს.
ქართულმა მწერლობამ შემოგვინახა "ლუკა იერუსალიმელის მარტვილობა" - ანონიმური ძეგლი, რომელიც შეიქმნა XIV საუკუნის პირველ ნახევარში. "ლუკა იერუსალიმელის მარტვილობის" ჩვენამდე მოღწეული ერთადერთი ნუსხა (მიაკვლია ნიკო მარმა 1902 წელს) მოგვიანებით უნდა იყოს ჩაკინძული XI საუკუნის ხელნაწერში. ტექსტი გამოსცა დავით ყიფშიძემ 1927 წელს. თხზულება, რომელიც იერუსალიმის ჯვრის ქართული მონასტრის წინამძღვრის ლუკა იერუსალიმელის ცხოვრების სვინაქსარული რედაქციაა, მნიშვნელოვანი წყაროა პალესტინის ქართული კოლონიის ისტორიის შესასწავლად.