ლატვიური მედია უკრაინაში ენის საკითხთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობას ეხმაურება და წერს, რომ ის რაც ლატვიაში ვერ მოხერხდა უკრაინაში განხორციელდა. "უკრაინაში რუსული ენა ფაქტიურად მეორე სახელმწიფო ენა ხდება", _ წერს ლატვიური "IR "-ი და კიევში მიმდინარე ამბებს "ტახტზე დაბრუნების შემდეგ" ვლადიმერ პუტინის ყველაზე დიდ გამარჯვებას უწოდებს.
"უმაღლესი რადის ოპოზიციონერი დეპუტატებისაგან განსხვავებით, "ენების შესახებ" კანონის კენჭისყრაზე დაყენება კრემლისათვის მოულოდნელი არ იყო. ერთი დღით ადრე პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელამ სერგეი ივანოვმა განაცხადა, რომ - "კანონის მიღება სასარგებლო იქნება სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეებისათვის". ამავე დროს ეს კენჭისყრა გამოიყურება როგორც პასუხი რუსეთის პრემიერ-მინისტრის ნათქვამზე, რომლის დროსაც დიმიტრი მედვედევმა კიევში ყოფნისას განაცხადა, რომ: "უკრაინა თავს ვერ აარიდებს მოსკოვთან ჩახუტებას და ადრე თუ გვიან ორივე სახელმწიფომ ინტეგრაციის შესახებ საკითხი უნდა გადაწყვიტოს",_ წერს ლატვიური "IR "-ი და აღნიშნავს, რომ "ნაციონალური გახლეჩვა და საზოგადოების რადიკალიზაცია ეს არის ის შედეგი, რომელიც კრემლს სურს".
გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ ოქტომბერში უკრაინაში საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. "ენების შესახებ" ახალი კანონპროქტის მიღებით კი იანუკოვიჩის პარტია ხელისუფლებაში დარჩენის პოზიციებს იმყარებს.
"იმისათვის, რომ რუსული ენისათვის მეორე სახელმწიფო ენის სტატუსი მიენიჭებინათ უკრაინის კონსტიტუცია უნდა შეეცვალათ, ამისათვის კი აუცილებელი იყო პარლამენტის ორი მესამედის მხარდაჭერა. ასეთი ძალა კი პრომოსკოვურ ძალებს არ აქვთ. ამიტომაც პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, რომლისთვისაც საჭირო იყო მხოლოდ უბრალოდ უმრავლესობა, არის გასასვლელი "უკანა კარიდან",_ წერს გამოცემა და აღნიშნავს, რომ კრემლს არ შეიძლება იმედი ჰქონდეს, რომ ანალოგიური გადაწყვეტილება ლატვიაში იქნება მიღებული.
"პროკრემლისეული პოლიტიკოსების ლოიალობა "ცენტრის" მიმართ ურყევია მუდამ, ხოლო ეთნიკურად გახლეჩილი საზოგადოება მათი მიზნების მიღწევის აუცილებელ პირობად რჩება. ეს საკითხები პუტინის კრემლში დაბრუნების შემდეგ რუსეთის საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედი გახდა. უკრაინაში რუსული ენის სტატუსის აწევა სახელმწიფოებრივის დონეზე - ეს ვლადიმერ პუტინის პირველი დიდი გამარჯვებაა "პოსტსაბჭოთა სივრცში" ტახტზე დაბრუნების შემდეგ. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ გვექნება იმედი იმისა, რომ არ იქნება სხვა მცდელობები სხვა მიზნების მისაღწევად", _ წერს ლატვიური "IR "-ი.