11 ივლისს, 11:00 საათზ,ე ტელეკომპანია „იმედი" მართავს მუსიკალური პროექტის „The Voice" პრეზენტაციას. პრესკონფერენცია გაიმართება DISPICTURES სტუდიაში, ბელიაშვილის N.8 (ჩაჩავას N.2- 12).
„The Voice" მსოფლიოში ყველაზე მაღალრეიტინგული მუსიკალური მეგა პროექტია, რომელმაც 25 ქვეყანაში აღიარება უკვე მოიპოვა. პროექტი ახალი სეზონიდან, ტელეკომპანია „იმედი"-ს მაყურებლის წინაშე „ქართული ხმის" სახელწოდებით წარსდგება.
მოგვაწვდინე სასურველი ხმა! ეს არის გზავნილი, რომელიც მიზნად ისახავს მთელი ქვეყნის მასშტაბით ძლიერი, უნიკალური ვოკალური მონაცემების მქონე მონაწილეთა აღმოჩენას.ეს არის ჭეშმარიტი ტალანტების კონკურსი, სადაც მხოლოდ ხმის ირგვლივ ბრუნავს და ტრიალებს მუსიკალური სამყარო. აქ შესრულების ხარისხი ყველაზე მნიშვნელოვანია!
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ამ მუსიკალურ პროექტში არ არსებობს მკაცრი ჟიური, დაცინვა და ირონია!ხუთი ცნობილი, წარმატებული და მისაბაძი ქართველი მომღერალი შეითავსებს მწვრთნელის ფუნქციას და შოუს უნიკალური ფორმატის- ფარული აუდიენციის (მოსმენის) მეშვეობით შექმნის თავის რჩეულთა გუნდს- მხოლოდ ხმის ტემბრისა და ვოკალური მონაცემების გათვალისწინებით და არა ვიზუალით.
აქ გელოდებათ რინგი- დუეტების დუელი! უკომპრომისო მუსიკალური შერკინება, სადაც თითოეული მწვრთნელი მაქსიმალურად დაიხარჯება მისი რჩეული გუნდიდან ნამდვილი ტალანტის გამოსავლენად.
პროექტის საბოლოო ეტაპი ლაივ შოუა, სადაც მაყურებელი იხილავს მწვრთნელებისა და კონკურსანტების გუნდურ შესრულებას. ამავე დროს მაყურებელი მწვრთნელებთან ერთად წყვეტს რომელი ტალანტია საუკეთესო.