საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სამინისტროში განხორციელებული საკადრო ცვლილებები თანამშრომლებს გააცნო. მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა თანამშრომლებს ახალი მოადგილეები წარუდგინა.
მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა აკაკი სეფერთელაძე, რომელიც მანამდე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილის პოსტებს იკავებდა.
მინისტრის მოადგილედ დაინიშნა დავით ახალაია, რომელიც მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
დიმიტრი შაშკინმა მინისტრის მოადგილედ ასევე წარადგინა მაია სიფრაშვილი-ლი, რომელიც 2009 წელს მინისტრის მრჩეველი გახლდათ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში, 2010 წლიდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ამავდროულად პროგრამა "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად" ხელმძღვანელი გახლდათ. პრეზიდენტისგან მიღებული აქვს ღირსებისა და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენები.
მინისტრის მოადგილედ ასევე ინიშნება დავით ნარდაია, რომელიც არის თავდაცვის სამინისტროს დავით აღმაშენებლის ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი.
მოადგილეებთან ერთად დიმიტრი შაშკინმა თანამშრომლებს ახალი დეპარტამენტის ხელმძღვანელებიც გააცნო.
ადმინისტრაციის უფროსი - გენრიეტა მუმლაძე, რომელიც იგივე პოზიციას იკავებდა განათლებისა და მეცნიერების და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროებში.
შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი - ირაკლი ანდრიაშვილი.
საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის უფროსი - ეკა ჭუმბურიძე.
ფინანსების მართვის დეპარტამენტის უფროსი - როინ გიუნაშვილი.
თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი - ქეთევან ასისტიშვილი.
სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი - ნანა როსტობაია.
გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციის უფროსი - იოსებ თოფურიძე.
სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტის უფროსი-თეიმურაზ იობიძე.
სამინისტროში ასევე იქმნება ახალი დეპარტამენტი - საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, რომელსაც უხელმძღვანელებს გიორგი გულუა.