თბილისის საქალაქო სასამართლომ შპს "ბურჯს" ჯარიმის სახით 8 მლნ 644 ათას 640 ლარის გადახდა დააკისრა. შპს "ბურჯის" ადვოკატის მერაბ ბარბაქაძის განცხადებით, სასამართლომ კომპანიის მიერ წარდგენილი დოკუმენტები და არგუმენტებია რ გაითვალისწინა, რომლებიც მათი გამამართლებელი გადაწყვეტილების საფუძველი გახდებოდა.
ადვოკატი აცხადებს, რომ სასამართლო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სარჩელს დაეყრდნო და შესაბამისად არაობიექტური გადაწყვეტილება მიიღო.
ადვოკატი განმარტავს, რომ ბრალდება, რომლის მიხედვითაც შპს "ბურჯი" კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალ პარტიებს სატრანსპორტო მომსახურებას უსასყიდლოდ უწევდა, არ შეესაბამება სიმართლეს - რეალურად, კომპანია იღებდა საკმაოდ სოლიდურ ანაზღაურებას და ამის დამადასტურებელი ხელშეკრულებები და ქვითრები არსებობს.
ბარბაქაძის განცხადებით, დანაშაულის არსებობის შემთხვევაშიც კი ჯარიმა არაადეკვატურია, რადგან ის განსაზღვრულია არა გაწეული მომსახურების საფასურის, არამედ მანქანების საერთო ღირებულების ათმაგი ოდენობით. როგორც მერაბ ბარბაქაძემ აღნიშნა, 45 ავტომობილი, რომლებიც პარტიებს სამი აქციის განმავლობაში 3 დღით ყავდათ დაქირავებული, არის 864 000 ლარის ღირებულების და მათვის გაწეული მომსახურების საფასურად არის ჩათვლილი სწორედ ამ მანქანების ღირებულების ათმაგი ოდენობა.
როგორც იურისტი აცხადებს, ამ ჯარიმის დაკისრების შედეგად კომპანიას რეალურად აღარ ექნება არანაირი საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა. ამასთან, მისი თქმით, დაყადაღდა ამ კომპანიის ანგარიშები, რაც დამატებითი შეზღუდვაა და ეს ყველაფერი განაპირობებს იმას, რომ რეალურად შპს "ბურჯი" შეწყვეტს ფუნქციონირებას.
აღსანიშნავია, რომ "ბურჯი" თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში აპირებს.