სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შპს "ბურჯი" სამართალდამრღვევად ცნო და კომპანიის საბანკო ანგარიშები და ქონება დააყადაღა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, შპს "ბურჯმა" 2012 წლის განმავლობაში მილიონობით ლარის ღირებულების, 250-მდე ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება შეიძინა, რომლითაც კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალ პარტიებს ემსახურება.
"ამ ფაქტს ერთხელ უკვე მოჰყვა სამართლებრივი რეაგირება, თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად შპს "ბურჯმა" 2012 წლის 1-ელი იანვარიდან 28 ივნისამდე პერიოდში კვლავ შეიძინა 54 ერთეული (8.644.630 ლარის ღირებულების) ავტოსატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, 30 ავტობუსი, 7 სატვირთო ფურგონი, რომლებიც კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალ პარტიებს უფასოდ ემსახურებიან. ამ ავტომანქანებით ხდება როგორც პარტიის წევრების მომსახურება, ასევე კოალიციის მიერ ორგანიზებულ აქციებზე ადამიანების გადაყვანა, რაც იურიდიული პირის მიერ განხორციელებულ უკანონო შემოწირულებას წარმოადგენს. შესაბამისად, ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება შპს "ბურჯის" სამართალდამრღვევად ცნობის თაობაზე და მოსალოდნელი სანქციის ფარგლებში ყადაღა დაადო კომპანიის საბანკო ანგარიშებს და ქონებას. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება დასადასტურებლად თბილისის საქალაქო სასამართლოს წარედგინა", - ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განცხადებაში.
გარდა ამისა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანია შპს "ბურჯი" დაფუძნებულია ოფშორულ ზონაში და საქართველოში მისი უშუალო ხელმძღვანელი ბიძინა ივანიშვილის დის შვილი კახა კობიაშვილია. "კომპანია მილიონობით დოლარის დაფინანსებას იღებს, როგორც უშუალოდ ბიძინა ივანიშვილისაგან, ასევე, კახა კობიაშვილისგან. საბანკო გადარიცხვებში პირდაპირ ფიგურირებს ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც კუთვნილი ოფშორული კომპანია CHISTA ENTERPRISES LIMITED-ის მეშვეობით ზემოთ აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესაძენად სოლიდური თანხები შპს "ბურჯს" მიმდინარე წლის 5 ივნისსაც ჩაურიცხა. შპს "ბურჯმა" კი თავის მხრივ, თვალთმაქცური სქემის საფუძველზე მიღებული დაფინანსება ბიძინა ივანიშვილის და მისი პოლიტიკური კოალიციის საჭიროებიდან გამომდინარე გამოიყენა", - აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განცხადებაში.