"ევროპარლამენტში გამართული დებატები საქართველოში ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ ევროკავშირის მხრიდან აქტიური მხარდაჭერისა და მიმდინარე პროცესებზე რეაგირების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანი იყო", _ განაცხადა ჟურნალისტებთან კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა ევროპარლამენტში გამართული დებატების საპასუხოდ და აღნიშნა, რომ "ნაციონალურმა არხებმა" სტრასბურგში გამართული დებატები "დაამახინჯეს".
მისი თქმით, ევროპარლამენტში გამართული დებატები უმნიშვნელოვანესი წარმატება იყო საქართველოსთვის.
"დებატები იყო უმნიშვნელოვანესი წარმატება საქართველოსთვის, როდესაც ევროპის ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან ევროკავშირის ვიცე-პრეზიდენტის სახელით ცალსახად ითქვა, რომ დაუშვებელია მედიის მონოპოლიზება, პოლიტიკური ნიშნით ხალხის დაპატიმრება, ბიძინა ივანიშვილისა და მისი პოლიტიკური ძალის წინააღმდეგ სახელმწიფოს ადმინისტრაციული და საკანონმდებლო რესურსის გამოყენება, კერძოდ, საკუთრების ხელყოფა და სხვა", _ განაცხადა ხიდაშელმა.
შეგახსენებთ, ევროპარალამენტში საქართველოს თემაზე დებატები გაიმართა.