"უკრაინულ სახლთან", შენობის სპეცდანიშნულების რაზმის მიერ იერიშისა და მომიტინგეთა მიმართ ცრემლსადენი გაზის გაშვების შემდეგ მომიტინგეები კვლავ რჩებიან. იქვეა მობილიზებული პოლიციის დანაყოფები, თუმცა ისინი ამჟამად აქტიურ მოქმედებებს არ მიმართავენ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, უკრაინულ სახლთან შეკრებილნი არიან ხანდაზმული ქალებიც, რომლებიც უკრაინულ ნაციონალურ სიმღერებს ასრულებენ.
უკრაინულ სახლთან კიევში უკრაინული ენის დაცვის აქცია წუხელ დაიწყო. რამდენიმე ხნის წინ სპეცდანიშნულების რაზმ "ბერკუტის" წარმომადგენლებმა საპროტესტო აქციის მონაწილეების მიმართ ცრემლსადენი გაზი რამდენჯერმე გამოიყენეს, შენობა ალყაში მოაქციეს და იერიში დაიწყეს.
როგორც ცნობილია, დღეს უკრაინულ სახლში უკრაინის პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის შემაჯამებელი პრესკონფერენცია გადაიდო. მომიტინგეებმა პრესკონფერენციის გადადების შესახებ ინფორმაციის გაგების შემდეგ "ლაჩარო!"-ს სკანდირება დაიწყეს. ამის შემდეგ მათ უკრაინის სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის დედაქალაქში "ენების შესახებ" კანონის გამო ხალხი დედაქალაქისკენ უკრაინის ყველა რეგიონიდან დაიძრა, იმისათვის რათა მათ საპროტესტო აქციებში მონაწილეობა მიიღონ. უკრაინის უმაღლესი რადის სპიკერმა ვლადიმერ ლიტვინმა თანამდებობა უკვე დატოვა.
გუშინ საღამოს ყველასათვის მოულოდნელად უკრაინის უმაღლესმა რადამ მთლიანობაში დაამტკიცა კანონპროექტი ენების შესახებ. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კერჭისყრისათვის ხელის შეშლა სცადეს, თუმცა მათ არაფერი გამოუვიდათ და უმრავლესობამ პროცედურის ჩატარება შეძლო.
აღსანიშნავია, რომ თუ კანონპროექტს პრეზიდენტი ხელს მოაწერს რუსული ენა რეგიონალური ენის სტატუსს მიიღებს იმ ადგილებში სადაც იგი მშობლიური ენაა სულ მცირე მოსახლეობის 10 % სათვის, ეს კი უკრაინის 27 ადმინისტრაციული ერთეულიდან 13 ერთეულია. რადის მიერ მიღებული დოკუმენტი აფართოებს რუსული ენის გავლენის სფეროს და ნაციონალური უმცირესობების ენების პოზიციებს.
აღსანიშნავია, რომ უკრაინული მედია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ასევე ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ვიქტორ იანუკოვიჩი ამ კანონპროექტს ხელს აუცილებლად მოაწერს.