უკრაინაში მოქმედი პარტია "სვობოდას" ლიდერი ოლეგ ტიაგნიბოკი პირობას დებს, რომ მომიტინგეები უკრაინის პრეზიდენტს ვიქტორ იანიკოვიჩს უკრაინის სახლში არ შეუშვებენ, სადაც მან შემაჯამებელი პრესკონფერენცია უნდა გამართოს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
ამჟამად უკრაინის სახლთან უკრაინული ენის დაცვის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
"რა თქმა უნდა არ გავუშვებთ, აქ ადამიანები მოვიდნენ იმიტომ, რომ ფეხქვეშ გათელეს არა მხოლოდ უკრაინის სხეული არამედ სულიც", _ აცხადებს პარტიის ლიდერი მისივე თქმით, როგორც ჩანს პრეზიდენტისათვის ძალიან მნიშვნელოვანია პრესკონფერენციის სწორედ აქ ჩატარება.
ამასთან ერთად, მომიტინგეებსა და პოლიციას შორის წუხელ უკრაინის სახლთან მომხდარი შეტაკების შესდეგად, მილიციის ინფორმაციით დაზარალებულია სპეცდანიშნულების რაზმ "ბერკუტის" 10 წარმომადგენელი.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის დედაქალაქში "ენების შესახებ" კანონის გამო ხალხი დედაქალაქისკენ უკრაინის ყველა რეგიონიდან დაიძრა, იმისათვის რათა მათ საპროტესტო აქციებში მონაწილეობა მიიღონ. უკრაინის უმაღლესი რადის სპიკერმა ვლადიმერ ლიტვინმა თანამდებობა უკვე დატოვა.
გუშინ საღამოს ყველასათვის მოულოდნელად უკრაინის უმაღლესმა რადამ მთლიანობაში დაამტკიცა კანონპროექტი ენების შესახებ. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კენჭისყრისათვის ხელის შეშლა სცადეს, თუმცა მათ არაფერი გამოუვიდათ და უმრავლესობამ პროცედურის ჩატარება შეძლო.
აღსანიშნავია, რომ თუ კანონპროექტს პრეზიდენტი ხელს მოაწერს რუსული ენა რეგიონალური ენის სტატუსს მიიღებს იმ ადგილებში სადაც იგი მშობლიური ენაა სულ მცირე მოსახლეობის 10 % სათვის, ეს კი უკრაინის 27 ადმინისტრაციული ერთეულიდან 13 ერთეულია. რადის მიერ მიღებული დოკუმენტი აფართოებს რუსული ენის გავლენის სფეროს და ნაციონალური უმცირესობების ენების პოზიციებს.
აღსანიშნავია, რომ უკრაინული მედია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ასევე ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ვიქტორ იანუკოვიჩი ამ კანონპროექტს ხელს აუცილებლად მოაწერს.