პრემიერ-მინისტრი მთავრობის კანცელარიასაც უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ბიუროს დღევანდელ სხდომნაზე გახდა ცნობილი. პარლამენტი "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" კანონში ცვლილების მიღებას დაჩქარებული წესით აპირებს და ამისათვის პარლამენტში რიგგარეშე სხდომა ხვალაც გაიმართება.
კანონპროექტის თანახმად, მთავრობის კანცელარიას პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს (ნაცვლად მთავრობის კანცელარიის უფროსისა). ამასთან, მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი იცვლება. ის კანონის ნაცვლად, მთავრობის რეგლამენტით განისაზღვრება. გარდა ამისა, პროექტის თანახმად, იმ უფლებამოსილებათა სახეები განისაზღვრება, რომელთა დელეგირების უფლებით გადაცემის უფლებამოსილებაც პრემიერ-მინისტრს ეძლევა.
მთავრობის საპარლამენტო მდივნის გია ხუროშვილის განმარტებით, მთავრობას სჭირდება ისეთი მექანიზმები, რომელიც უკავშირდება გადაწყვეტილებების სწრაფ, მოქნილ მიღებას. „ჩვენი ხალხი ხელისუფლებისაგან სწრაფ მოქმედებებს ელოდება. ეს ცვლილებები უკავსირდება ტექნიკურ, მაგრამ, ამავდროულად შენაარსობრივ საკითხებს უკავშირდება. შედეგად სწრაფი, მოქნილი მექანიზმები მთავრობის ფუნქციონირებისთვის სტრუქტურა იქნება", - ამბობს გია ხუროშვილი.