ოფიციალური თბილისი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ სახელმწიფო სტრატეგიას რუსეთს დღეს, ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატში გააცნობს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა განუცხადა.
"დოკუმენტის კონფლიქტში მონაწილე მეორე მხარის - რუსეთისთვის დღეს, ჟენევის ფორმატში მოხდება. რუსულ მხარეს ამ დოკუმენტის ასლიც შეუძლია მიიღოს", - განმარტა იაკობაშვილმა.
რაც შეეხება სეპარატისტებს, სახელმწიფო მინისტრის განმარტებით, საქართველოს ხელისუფლება მათ სთავაზობს შეიქმნას ნეიტრალური სტატუსის მქონე ჯგუფები, რომლებიც უშიშროების და პოლიტიკური საკითხების გარდა, სხვა ყველა მიმართულებით იმუშავებენ.
რაც შეეხება სტრატეგიის განხორციელებისთვის საჭირო ფინანსებს, იაკობაშვილის განმარტებით, "მას შემდეგ, რაც კონკრეტული პროექტები ჩამოყალიბდება, თანხების მოძიება როგორც სახელმწიფო წყაროებიდან, ისე დონორი ორგანიზაციებისგან მოხდება".
"სტრატეგიის განხორციელებაში საკუთარი წვლილის შეტანის სურვილი გამოთქვეს რამდენიმე ბიზნესმენმაც", - დასძინა სახელმწიფო მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ სახელმწიფო სტრატეგია დაამტკიცა.
როგორც დღეს გამართული მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღეიდან მისი აპარატი სტრატეგიის სამოქმედო გეგმაზე იწყებს მუშაობას.
"სამოქმედო გეგმის შემუშავება ივნისის ბოლომდე დასრულდება. მის ჩამოყალიბებაში მონაწილეობის მიღებას ვთავაზობთ პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებსა და ექსპერტებს, რომლებიც სტრატეგიის შემუშავებაში იყვნენ ჩართულნი", - განაცხადა იაკობაშვილმა.
რაც შეეხება უშუალოდ სტრატეგიას, სახელმწიფო მინისტრის შეფასებით, დოკუმენტი ყოვლისმომცველია იმ მხრივ, რომ მასში ასახვა ჰპოვა ყველა იმ თემამ, რა მიმართულებითაც საქართველოს ხელისუფლება აპირებს ამ ტერიტორიებთან მიმართებაში მუშაობას.
"ჩვენ ღია აგრესიასთან და ოკუპაციასთან გვაქვს საქმე. არსებობს საფრთხე, რომ რუსეთმა ამ ტერიტორიების ანექსიაც მოახდინოს. ეს დოკუმენტი არის პასუხი და ხედვა იმაზე, თუ რას აპირებს აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლება. ჩვენ ვამბობთ და ეს დოკუმენტშიც ჩაიწერა, რომ ტერიტორიების დეოკუპაცია უნდა მოხდეს მხოლოს მშვიდობიანი გზით. ჩვენ ომი არ გვინდა, ომისთვის არ ვემზადებით. სამხედრო გზა გამოსავალი არ არის. მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო სტრატეგია სერიოზულად შეუწყობს ხელს ამ ტერიტორიების მშვიდობიანად დეოკუპაციას", - განმარტა იაკობაშვილმა.
ამასთან, მისი თქმით, სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი ისიც არის "უარს ვაცხადებთ ყველანაირ იზოლაციაზე - ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა საქართველოს მოსახლეობაა და საქართველოს ხელისუფლება მათ იზოლაციას არ დაუშვებს".
"ვერ დავუშვებთ მათი ბედი მხოლოდ ოკუპანტი ქვეყნის კეთილ ნებაზე იყოს დამოკიდებული. ამიტომ ვაპირებთ აქტიური პოლიტიკის გატარებას, რომ კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას ჰქონდეს ნორმალური განათლების საშუალება, კარგი ჯანდაცვა, ჩაერთონ ეკონომიკურ, კულტურულ პროექტებში და ყველა იმ ღონისძიებაში, რომელიც დანარჩენ საქართველოსთან მიმართებაში ჩატარდება", - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა, რომლის განმარტებითაც, აღნიშნულ პროექტში თავად აფხაზებისა და ოსების ჩართვა პრინციპულად მნიშვნელოვანია.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ სახელმწიფო სტრატეგია რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა მოამზადა.