მთავრობის ახალ შემადგენლობასა და ახალ სამთავრობო პროგრამას პარლამენტი ნდობას ხვალინდელ რიგგარეშე სხდომაზე გამოუცხადებს.
მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი დღის წესრიგში პრემიერის შეცვლისა და ამ თანამდებობაზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის წარდგენის გამო დადგა.
პრემიერის გარდა, მთავრობაში რამდენიმე ცვლილება კიდევ განხორციელდება. კერძოდ, შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია წარდგენილი, თავდაცვის მინისტრის პოსტზე - დიმიტრი შაშკინი, განათლების მინისტრის - ხატია დეკანოიძე, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის პოსტზე კი - დალი ხომერიკი.
ამასთან, იქმნება დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატი, რომელსაც ტრაპაიძე უხელმძღვანელებს.
პრემიერობის კანდიდატი და მინისტრთა განახლებული კაბინეტის წევრები გუშინ პარლამენტში შეხვედრებს მართავდნენ და დეპუტატებს სამთავრობო პროგრამის პრიორიტეტებს აცნობდნენ.
დღევანდელ რიგგარეშე სხდომას ბოიკოტს უცხადებს საპარლამენტო ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისათვის", თუმცა მისი წევრი, "ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია სხდომაზე დასწრებას მაინც აპირებს.