ხვალ, 4 ივლისს, საქართველოში ევროგაერთიანების პრეზიდენტის ჰერმან ვან რომპეის ვიზიტია დაგეგმილი. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განმარტებით, ეს არის მისი პირველი ვიზიტი საქართველოში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის განსაკუთრებულ ინტერესს საქართველოსადმი და წარმოადგენს ევროკავშირის მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერის დემონსტრირებას საქართველოსადმი.
"ვიზიტის ძირითად მიზანს წარმოადგენს საქართველოში არსებული პოლიტიკური მდგომარეობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების, ასევე ევროკავშირთან თანამშრომლობის აქტუალური საკითხების განხილვა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან. მიუხედავად იმისა, რომ მისია ბოლომდე ვერ ასრულებს მასზედ დაკისრებულ უფლებამოსილებას და ვერ ახორციელებს სრულ მანდატს, ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ მის არსებობას საქართველოში. ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს იმის თაობაზე, რომ ეს მისია შენარჩუნდეს. ვიზიტის ფარგლებში რომპეი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, დავით ბაქრაძესთან", - განაცხადა კალანდაძემ.