ხვალ, 4 ივლისს, მინსკში, საუნივერსიტეტო თეატრების მე-9 საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ქართული დელეგაციის მიერ დაგეგმილია საქართველოს, როგორც პოსტსაბჭოთა სივრცის ერთ-ერთი წარმატებული ქვეყნის პრეზენტაცია. ღონისძიება ითვალისწინებს ქართული ღვინისა და სამზარეულოს პოპულარიზაციას. ასევე ტურისტული პოტენციალის გაცნობას ფესტივალის სტუმრებისთვის. პრეზენტაციის ფარგლებში გათვალისწინებულია რამდენიმე ქართული თეატრის (მარჯანიშვილის და ილიაუნის თეატრების), ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის როგორც ფესტივალის მონაწილე სასწავლებლის, საპრეზენტაციო წარდგენა.
2-6 ივლისს ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტზე მოღვაწე თეატრის პროდიუსერების, კრიტიკოსების და საერთაშორისო ფესტივალების დირექტორების წინაშე მსოფლიოს 35 ქვეყანას შორის (ევროპის, აზიის და ამერიკის კონტინენტის ქვეყნები) საქართველოც წარდგება. საუნივერსიტეტო თეატრების მე-9 საერთაშორისო ფესტივალზე "თეატრალური კუფარი" კავკასიის რეგიონიდან მხოლოდ საქართველოა წარმოდგენილი ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის სპექტაკლით "ფერფლის პლანეტა", რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტმა ირაკლი გოგიამ დადგა.
ფესტივალის ერთი, ყველაზე გამორჩეული - ბელორუსიის დამოუკიდებლობის დღე - ომის თემატიკაზე შექმნილი სპექტაკლების ჩვენებას მიეძღვნება. სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში იქნება წარმოდგენილი ირაკლი გოგიას სპექტაკლიც, რომელშიც ორი მსახიობი - თამარ მახარაძე და დიმიტრი მელია - მონაწილეობს.