პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ივანე მერაბიშვილის მტკიცებით, თითოეული ქართული სოფელი ისეთივე კომფორტული გახდება, როგორც ქალაქი.
პარლამენტში მთავრობის ახალი პროგრამის წარდგენისას მერაბიშვილმა განაცხადა, რომ ყველა ქალაქში ისეთი აღმშენებლობა დაიწყება, როგორც ეს ბათუმში და აჭარაშია, ხოლო სოფლები ქალაქივით კომფორტული გახდება. მისი თქმით, შედეგად ყველა ადამიანი ადგილზე დასაქმდება რაიონულ ცენტრებში არ მოუწევთ ჩასვლა.
მერაბიშვილის ინფორმაციით, ახლა სოფელი ისეთ მდგომარეობაშია, რომ მას ქალაქი ეხმარება. თუმცა, მთავრობის ახალი პროგრამა იძლევა საშუალებას, რომ სოფელი ქალაქს გაუტოლდეს.
"ყველა ქალაქში ისეთი აღმშენებლობა დაიწყება, როგორც ეს ბათუმში და აჭარაშია, ამის შედეგად კი ყველა ადგილზე დასაქმდება და თბილისში და რაიონულ ცენტრებში არ მოუწევთ ჩასვლა ყველაფერზე. თითოეული სოფელი იქნება ისეთივე კომფორტული, როგორც ქალაქი, რადგან ძლიერი სოფელი არის მდიდარი სახელმწიფო, ახლა ქალაქი ეხმარება სოფელს და მალე ისინი გაუტოლდება ერთმანეთს", - აღნიშნა მერაბიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის ახალ პროგრამაში სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის 4 მილიარდია ლარია განსაზღვრული. მერაბიშვილი აცხადებს, რომ პროგრამაში მოყვანილ ყველა ციფრზე პირადად აგებს პასუხს.