ხვალ, 28 ივნისს, 20 საათზე, ბამბის და რკინის რიგებს შორის, ოფიციალურად გაიხსნება ქართული კინოს მოედანი.
ეროვნულ კინოცენტრთან თანამშრომლობით, „მეიდანგრუპი" მართავს გახსნის საზეიმო ღონისძიებას, რომელზეც ნაჩვენები იქნება 10-წუთიანი დოკუმენტური ფილმი, დავით ჯავრიშვილის უცნობი კინოქრონიკა - „აცეკვებული სვანეთი". უნიკალური კადრები ხალხის ყოფაცხოვრებიდან, ტრადიციები, აქამდე უცნობი ცეკვები მე-20 საუკუნის 20-30-იანი წლების სვანეთში ქართული ქორეოგრაფიული სკოლის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა და მკვლევარმა, დავით ჯავრიშვილმა თავად აღბეჭდა კინოფირზე. საოჯახო არქივში დაცული მასალა 2011 წელს სახელმწიფოს გადაეცა, შემდეგ ეს კადრები კინოს, თეატრის, მუსიკისა და ქორეოგრაფიის მუზეუმმა, კულტურის სამინისტროს და ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით, „ქართული ფილმის" ხელშეწყობით, გაწმინდა, აღადგინა, ციფრულ მატარებელზე გადაიტანა და მუსიკა დაურთო.
მაყურებელი ამ უკილაურ კადრებს პირველად ნახავს.
მოედნის გახსნაზე ასევე დაანონსდება, რომ ამ ადგილას - ქართული კინოს მოედანზე - ტრადიციად იქცევა კინოს ჩვენებები და კინოსთან დაკავშირებული ივენთები.
საღამოზე სიტყვით გამოვა ეროვნული კინოცენტრის დირექტორი - თამარ ტატიშვილი.
გახსნას დაესწრებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი - ნიკოლოზ რურუა და ქალაქის მერი - გიგი უგულავა.
მოწვეულ სტუმრებს შორის იქნებიან ხელოვანები, ძირითადად - კინოსექტორის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები, ასევე დავით ჯავრიშვილის ოჯახის წევრები.