სამართალდამცავებმა პოლიციელის გადაბირების მცდელობისთვის "ქართული ოცნების" ორი წევრი დააკავეს. შსს-ს ონფორმაციით, დაკავებულები არიან კოალიცია "ქართული ოცნების" აფხაზეთის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ირაკლი პერტენავა და პოლიტიკური პარტია "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" აფხაზეთის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი ზურაბ ფიფია.
შსს-ს ცნობით, აღნიშნული პირები ბრალდებულნი არიან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მომზადებაში - დანაშაულში, რომელსაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-332-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისსწინებს.
შსს-ს ინფორმაციით, "ირაკლი პერტენავა და ზურაბ ფიფია ახორციელებდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ოპერატიულ-ტექნიკური სამმართველოს I განყოფილების I ქვეგანყოფილების უფროსი ოპერატიული თანამშრომლის კახა ბაღათურიას გადმობირებას".
"ბაღათურიასთან საუბარში ზურაბ ფიფია, რომელიც არის სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომელი, ფინანსური ანაზღაურებისა და უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ სთხოვს მას შინაგან საქმეთა სამინისტროდან ინფორმაციის მოწოდებას დაგეგმილი და მიმდინარე ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების თაობაზე. კიდევ ერთი საუბრის დროს, ირაკლი პერტენავა ბაღათურიას ატყობინებს, რომ ინფორმაციის ფარულად მოპოვების მიზნით მათ შემოტანილი აქვთ სხვადასხვა ყოველდღიური მოხმარების საგნებში ("ბრელოკი", გასაღები, ქამრის ბალთა...) ჩამონტაჟებული მოსასმენი აპარატურა",- ნათქვმია შსს-ს განცხადებაში.