ბათუმის საკრებულოს "ქრისტიან-დემოკრატმა" წევრმა ნაზი ქობულაძემ დღეს გამართულ სხდომაზე ბავშთა ბაღებში არსებულ პრობლემებზე ვრცელი განცხადება გააკეთა. მისი თქმით ყველაზე დიდი პრობლემა გახლავთ ის, რომ ბაღებში ბავშვების ადგილი არ არის, ასობით მშობელი ცდილობს პირადი კონტაქტებით საბავშვო ბაღში ადგილის დაჯავშნას, თუმცა დღევანდელი ბავშვების ბაღში მიღება დაემსგავსა კომუნისტების დროინდელ უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას.
"მე არ მივიღებ პასუხს, რომ ონლაინ დარეგისტრირების შემდეგ გადაწყდება ეს პრობლემა. რატომ ღებულობს ზოგი მშობლი დაპირებას, რომ ბავშვი სექტემბრიდან ბაღში სიარულს შეძლებს და ზოგი კატეგორიულ უარს. თავიდან იყო მინიშნება, რომ პრიორიტეტი სოციალურად დაუცველთა ოჯახის შვილებზე გაკეთდებოდა, თუმცა მათაც უარს ეუბნებიან და მიუთითებენ მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებისკენ და ეუბნებიან რომ ბაღში ბავშვის მისაღებად სწორედ ამ ადამიანებთან პირადი ნაცნობობაა საჭირო." - განაცხადა ნაზი ქობულაძემ.
ქობულაძის ინფორმაციით ასევე პრობლემას წარმოადგენს ასაკობრივი ჯგუფების განსაზღვრის საკითხი. ჯგუფში ხუთ და სამ წლიანი აღსაზრდელები ერთ სასწავლო პროგრამას გადიან. ასევე გადასახედია კადრების დანიშვნა-გათავისუფლების საკითხი, როგორც ნაზი ქობულაძემ განაცხადა ესეც ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის პირადი ნაცნობობის საფუძველზე ხდება.
საკრებულოს "ქრისტიან-დემკრატმა" დეპუტატმა ბაღების გაერთიანების ფინანსური მონიტორინგიც მოითხოვა და საკრებულოს თავმჯდომარეს სკოლამდელ დაწესებულებებში არსებული ყველა პრობლემის პირად კონტროლზე აყვანა მოსთხოვა.
სხდომას ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი დალი ფუტკარაძეც ესწრებოდა, რომელსაც მომდევნო სხდომისთვის, "ქრისტიან-დემოკრატების' მიერ დასმულ ყველა საკითხზე პასუხის გასაცემად, საკრებულოს წინაშე ანგარიშით წარდგენა დაევალა.